მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომეო მიქაუტაძე ენერგოსაკითხებში ევროკომისარს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

63a021bf86fa9
BM.GE
19.12.22 13:00
522
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა. შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-20 შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანზე როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს.

ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი აქცენტი გაკეთდა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროებაზე ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. ამ მხრივ, ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამასთან, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზეც, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას აქვს. ითქვა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ასევე ითქვა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე განახლებადი ენერგორესურსების ათვისების წახალისების სქემის შესახებ, რომელმაც ჯამში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოიტანოს.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროკომისარ კადრი სიმსონის ვიზიტს საქართველოში ევროკომისიასთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით.

ცნობისთვის, 17 დეკმებერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ევროკავშირსა და კავკასიას შორის წყალქვეშა კაბელის გაყვანის შესახებ, რომელმაც ევროკავშირი საქართველოს გავლით სამხრეთ კავკასიასთან უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.