მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რომპეტროლზე“ მომხდარი კიბერთავდასხმით გამოწვეული შეფერხება ნაწილობრივ აღდგენილია

625e65ab380e6
BM.GE
19.04.22 12:19
1010
კომპანია „რომპეტროლის“ სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარი კიბერთავდასხმით გამოწვეული შეფერხება ნაწილობრივ აღმოფხვრილია. უკვე აღდგენილია კორპორაციული სერვისის, Fill&Go-ს ფუნქციონალი, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს.

აღსანიშნია, რომ რუმინული პრესისა და კიბერუსაფრთხოების ონლაინ პორტალების ცნობით, 6 მარტს განხორციელებული თავდასხმის უკან კიბერდანაშაულებრივი ჯგუფი Hive დგას, რომლის კომპლექსურმა შეტევებმა რუმინული კომპანიის ვებგვერდებსა და სერვისებს პრობლემა შეუქმნა. სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარმა ინციდენტმა „რომპეტროლის“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობებიც დააზარალა, მათ შორის, „რომპეტროლ საქართველო“, რომელიც დიდწილად ბუქარესტის სათავო ოფისში განთავსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.

კორპორაციული მიმართულების გარდა, შეფერხდა სხვა ტიპის მომსახურებებიც, როგორიცაა საცალო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ლოიალობის პროგრამის ფუნქციონალი, ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციაზე წვდომა, რომელთა სრულად აღსადგენად კომპანია ინტენსიურად მუშაობს. შეფერხების არსებობას ადასტურებენ „რომპეტროლის“ კორპორატიული მომხმარებლებიც, რომლებიც ამ კომპანიას ხარისხიანი საწვავის გამო ირჩევენ. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე ხარვეზების ძირითადი და უმთავრესი ნაწილი აღმოფხვრილია.
________________________________________
„ლიბერთი ბანკი“: ტექნიკური შეფერხება ნამდვილად არსებობდა. ბარათებით საწვავს ვერ ვასხამდით, ვერ ვმუშაობდით პროგრამაში, ვერ ვიღებდით და ვერ ვანაწილებდით რეპორტებს. ახლა ყველაფერი აღდგენილია. „რომპეტროლის“ საწვავით კმაყოფილი ვართ.

კომპანია „ზედაზენი“: ხარვეზის გამო, არ გვქონდა ბაზებთან წვდომა და ვერც ბარათებით ვსარგებლობდით. ახლა პრობლემა გამოსწორებულია. ჩვენ მოგვწონს „რომპეტროლის“ საწვავი და სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ მათთან.

„ლოპოტა რეზორტი“: გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხარვეზები იყო, თუმცა ამჟამად გამოსწორებულია. საწვავი არაჩვეულებრივია და ბაზარზე ყველაზე კარგი ხარისხისაა. ამიტომ ავირჩიეთ „რომპეტროლი“.
________________________________________
თავად კომპანია „რომპეტროლში“ იმედოვნებენ, რომ ტექნიკური სამუშაოები მალე დასრულდება და კორპორაციული კლიენტების მსგავსად, კომპანიის სხვა მომხმარებლებიც კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ ყველა სერვისით სარგებლობას. მათივე განცხადებით, „რომპეტროლისთვის“ ერთგული მომხმარებლების განწყობა ძალიან მნიშველოვანია, სწორედ ამიტომ, ლოიალობის ბარათის მფლობელთათვის კომპანია სიახლეების შეთავაზებას გეგმავს.

„რომპეტროლის“ ტექნიკური გუნდი ინციდენტის დღიდან აქტიურად მუშაობს შექმნილი შეფერხების აღდგენაზე. გვინდა, ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლები არიან, რომელთა ნაწილიც დღეს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დროებით ვერ სარგებლობს ჩვენი ყველა შეთავაზებით. არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ გეტყვით, რომ ლოიალობის ბარათის, „რომპეტროლ ქარდის“ მფლობელებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობები რამდენიმე მიმართულებით მუშავდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია თითოეული მათგანის განწყობა და შეფასება. ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მათი მოსაზრება და კიდევ უფრო გაუმჯობესებული მომსახურება შევთავაზოთ", - აღნიშნავენ „რომპეტროლ საქართველოში“.

„რომპეტროლ საქართველო“, რომელიც ათასობით კორპორატიულ კლიენტს ემსახურება, ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი. დღეის მდგომარეობით, კომპანიაში 800-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. „რომპეტროლ საქართველოს“ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწვავით საკუთარი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“ ამარაგებს, რომელიც რუმინეთში, ქალაქ ნევოდარში მდებარეობს.

®