მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რონი სოლბერგი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

5dd6a33772cb8
შოთა ტყეშელაშვილი
21.11.19 18:50
1625
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ 15 ნოემბერს ჩატარებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, რონი სოლბერგი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადირექტორის პოსტიდან გადადგა. საჯარო რეესტრს მონაცემთა ცვლილების დასარეგისტრირებლად კონსორციუმმა ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართა. 

რონი სოლბერგი კონსორციუმში მშენებლობის მართვის აღმასრულებელ დირექტორად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. წარსულში სოლბერგი საქართველოში ენერგეტიკის პროექტების განვითარებაში, კერძოდ კი "აჭარისწყალი ჯორჯიას" პროექტში იყო ჩართული და კომპანიის CEO-ს პოსტს იკავებდა.

რამდენიმე დღის წინ, კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსის" გადაცემაში განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ალბათობა დაახლოებით 50%-50%-ზეა.

ინფრასტრუქტურის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე აძლევს. თუ აღნიშნული ვალდებულებები არ იქნება შესრულებული, ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა კონსორციუმთან 2016 წელს დადებულ შეთანხმებას, სავარაუდოდ, გაწყვეტს.

თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ სახელმწიფო პროექტის მიმდინარეობის პროცესის მანძილზე დესტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამდა, რაც მათ პოტენციური ინვესტორების მოძიებას ურთულებდა, ინვესტორების ნაწილს კი, ვინც ანაკლიის პორტში მონაწილეობას გეგმავდა, მთავრობამ საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუცხადა. მათ შორისაა საერთაშორისიო საინვესტიციო კომპანია "მერიდიანი" და ამერიკის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი.

"მე მგონია, რომ მათ ვერ დაინახეს საკმარისი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ თუნდაც დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი თუ აიღებს ტელეფონს და დაურეკავს, ისინი მაინც ჩამოვლენ და ისევ განაცხადებენ ინტერესს ამ პროექტში მონაწილეობაზე. თუ რა ფორმით, რა სიდიდით, რა ინვესტიციით, ეს ყველაფერი სამსჯელოა. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მათ ინტერესებზეც. მთავრობამ ყველა ინვესტორთან მიმართებით უნდა გადადგას ამგვარი ნაბიჯი და ეს ისევდაისევ ამ პროექტის ძალიან დიდი მნიშვნელობიდან უნდა გამომდინარეობდეს", - ამბობს ლევან ახვლედიანი.

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კონსორციუმთან დადებულ საინვესტიციო შეთანხმებას შეწყვეტს, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მაღალი ალბათობით კონსორციუმის აქციონერთა მხრიდან საარბიტრაჟო დავა დაიწყება.