მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როსტურიზმი UNWTO-ს მოუწოდებს, რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხონ

622759c35c31f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 17:45
767
როსტურიზმის ხელმძღვანელი ზარინა დოგუზოვა UNWTO-ს მოუწოდებს, ნუ ახდენენ ტურიზმის პოლიტიზირებას და არ გარიცხონ რუსეთის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის წერილშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან მიმართებითაა დაწერილი. ინფორმაციას გამოცემა Tass-ი ავრცელებს.

„პატივცემულო კოლეგებო, მოგიწოდებთ რუსეთის ფედერაციის წევრობის შეწყვეტის საკითხის განხილვისთვის გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სესიის გამართვა უარყოთ“, - ნათქვამია წერილში.

როსტურიზმის ხელმძღვანელი წერილში აღნიშნავს, რომ მანდატის შესაბამისად ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხები ორგანიზაციის კომპეტენციას არ მიეკუთვნება.

„ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მიუღებელია ტურიზმის განვითარების საკითხებიდან ორგანიზაციის საქმიანობის ფოკუსის გადატანა პრობლემებზე, რომლებიც არ არის UNWTO-ს იურისდიქციაში. დარწმუნებულები ვართ, ტურიზმი მოწოდებულია ადამიანების გაერთიანებაზე, ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებასა და პოლიტიზირებისგან დამოუკიდებლობაზე. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება სავსეა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგებით არა მხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის“, - განმარტავს როსტურიზმის ხელმძღვანელი.

ზარინა დოგუზოვა იმედს გამოთქვამს, რომ UNWTO-ში საკითხს გაგებით მოეკიდებიან.

შეგახსენებთ, რომ UNWTO-ს გენმდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა 27 თებერვალს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს რუსეთს წევრობის შეჩერებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა UNWTO-დან რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით გვატემალას, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვენიასა და უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე აღმასრულებელი საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რომელიც დღეს, 8 მარტსაა ჩანიშნული.