მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველის სუბსიდირება ეკონომიკურად სწორი პროგრამა არაა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

6331803d19618
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.22 14:33
1089
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რთველის სუბსიდირების პროგრამა ეკონომიკურად სწორი არაა და უმჯობესია სახელმწიფო მისგან მომდევნო წლების განმავლობაში გამოვიდეს. სუბსიდირების შესახებ გიორგი კაკაურიძეს კითხვა "გირჩის" დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა დაუსვა.

2022 წელს კახეთში 280 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელიან, აქედან თითქმის ერთ მესამედს პირდაპირი წესით სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია შეიძენს. ამ დრომდე პირდაპირი სუბსიდიისთვის უკვე 90 მილიონი ლარი გამოიყო. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს მოსავლის მართვის კომპანია ამ ყურძნისგან შემდგომ სპირტს ხდის და მას ასაწყობებს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ რთველის სუბსიდია ეკონომიკურად გამართლებული პროგრამა არაა, მისგან სწრაფად გასვლა მევენახეებისთვის დამაზიანებელი იქნება და ის კახეთის რეგიონში სოციალურ პრობლემას წარმოშობს, სწორედ ამიტომ ეს მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიძლება მოხდეს.

“რთველზე გეთანხმებით. რთველი არ არის ეკონომიკურად სწორი პროგრამა და ამაზე არაერთხელ გვაქვს ნასაუბრები. 2019 წელს გამოვედით რთველიდან და არ დაგვისუბსიდირებია, თუმცა პანდემიის დროს, შემცირდა ღვინის მოხმარება მთელ მსოფლიოში და რომ არა სუბსიდია, ეს არამხოლოდ წარმოებას, არამედ მევენახეებსაც დააზარალებდა მთელს კახეთის რეგიონში და არასწორი იქნებოდა ამ პროგრამის ასე მიტოვება. იმაზე, რომ ამ პროგრამიდან ეტაპობრივად უნდა გამოვიდეთ და ეს კერძო სექტორმა გადაიბაროს და ჩვენ მეტი რესურსი დავხარჯოთ თუნდაც მარკეტინგის კუთხით რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია უფრო მეტად მოხდეს.

თუმცა, 2019 წელს როდესაც მოხდა გამოსვლა ვემზადებოდით 2-3 წლის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ 2-3 წელში შესაძლებელი იქნება გამოსვლა. თუმცა აქაც ეტაპობრივი გამოსვლა გვექნება. სოციალური პრობლემა არ უნდა დავსვათ, მთავარი ესაა. რომ ვთქვათ გამოვდივართ და ამ ნაწილს წაიღებს ბიზნეს სექტორიო, ეს არასწორი იქნება, რადგანაც ბიზნესი ვერ წაიღებს მთლიანად. ეს სოციალური პრობლემა იქნება და ეს დაუშვებელია იმის მიუხედავადაც საარჩევნო წელია თუ არა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, ამ დრომდე მევენახეებმა კახეთში 175 ათას ტონაზე მეტი მოცულობის ყურძენი ჩააბარეს. 16 ათასი მევენახის მიერ მიღებული შემოსავალი 174 მილიონ ლარს აღწევს.