მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველის სუბსიდირება გასაუქმებელია, მაგრამ ₾70 მლნ თავდაცვას ვერ გადაარჩენს - კაკაურიძე დეპუტატს

6347c2d1e7fa6
თამთა ჯიჯავაძე
13.10.22 11:55
733
გეთანხმებით, რომ რთველის სუბსიდირება გასაუქმებელია, მაგრამ რთველის 70 მლნ ლარი თავდაცვას ვერ გადაარჩენს, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვას, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტსა და შეიარაღებაზე გათვალისწინებული თანხებს შეეხებოდა.

როგორც კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ მეტი შეიარაღება სჭირდება ქვეყანას, ვინაიდან უსაფრთხოების რისკები მუდმივად არსებობს, თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანი თანხებია საჭირო და საკითხი ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.

„მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს პათოსს, რომ მეტი შეიარაღება გვჭირდება, ₾4 მლრდ-ია დამატებით საჭირო. ბატონო ალეკო, შემოვიჭიროთ ქამრები? რას ფიქრობთ, ალბათ ისევ რთველზე მეტყვით, გეთანხმებით, რომ რთველი გასაუქმებელია, და გამოვალთ აქედან აუცილებლად, მაგრამ რთველის 70 მლნ რომ თავდაცვას ვერ გადაარჩენს და ვერ შეცვლის რეალურ სურათს, ხომ ვიცით?!“, - განაცხადა კაკაურიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.260 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257.6 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცების ხელფასების ზრდა 20%-ით, რისი გათვალისწინებითაც სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი ჯამში შეადგენს 605 მლნ ლარს, ასევე თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯარისკაცებისთვის ბინების მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 100 მლნ ლარი, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის კი გამოყოფილია 174.4 მლნ ლარი.

„ამ საკითხზე მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო არ ფიქრობს, ეს არ არის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტი, ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა თავდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც აქვს სტრატეგია თუ რა შეიარაღება, როდის და რამდენი უნდა იყიდოს და შესაბამისად, მოლაპარაკებებიც დაწყებული აქვს. მათ შორის სამხედრო მრეწველობის მიმართულებით, თუ სწორად მახსოვს, წლის ბოლოდან გარკვეული პროდუქციის გამოშვება იწყება.

თავდაცვის კუთხით რასაც ვგეგმავთ, ვგეგმავთ იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება უდგას ქვეყანას და ამავდროულად რა შესაძლებლობა არის რომ შევიძინოთ. ჩვენ რომ დღეს გვქონდეს 2 მლრდ, მე ძალიან მეეჭვება, რომ შეიარაღების ხვალვე ყიდვა შევძლოთ. ეს ასე მარტივი არაა. ამას დრო სჭირდება. ყველა მიმართულებით, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო მუშაობს მომწოდებლებთან, არის გარკვეული შეთანხმებები, რომელიც ეტაპობრივ გადახდას გულისხმობს ეტაპობრივ მოწოდებასთან ერთად“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტზე საუბრისას გიორგი კაკაურიძემ ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის მოტივაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან საგანგებო ვითარებაში შეიარაღება საკმარისი არ იქნება, ხოლო ანაზღაურების მომატებაზე აუცილებლად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

„უკრაინის და სომხეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, შეიარაღება არ ჰქონდათ, მათ ეს მიეწოდათ, მაგრამ ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება შეიარაღების მიწოდების მიუხედავად სულ სხვა სიტუაცია ყოფილიყო დღეს. სწორედ ამიტომ ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომელთა მოტივაციაც მნიშვნელოვანია და რომლებმაც უნდა იბრძოლონ საბოლოო ჯამში, იქნა გადაწყვეტილება მიღებული მეტი რესურსი მიემართოს მათი ხელფასების მოწესრიგებისთვის“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მლნ ლარით იზრდება. როგორც ცნობილია, 80 მილიონი ლარიდან შეიარაღებაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.