მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველის სუბსიდირებაში 20 000-მდე მევენახე ჩაერთვება - ღვინის სააგენტო

5f3bdba7d6585
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.20 18:44
2352
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის რთველში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში 20 000-მდე მევენახე ჩაერთვება, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში BM.GE-ის განუმარტეს, წელს, კახეთის რეგიონში ყურძნის რეკორდული რაოდენობის მოსავალს ელოდებიან. სააგენტოს ინფორმაციითვე, 2019 წელს კახეთში 270 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

„2020 წელს მხოლოდ კახეთში დაახლოებით 300 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებით, აქედან 90 ათასი ტონა საფერავი, ხოლო 200 ათასამდე რქაწითელი და კახური მწვანეა“, - უთხრეს BM.GE-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 21 აგვისტოდან ამოქმედდება, ხოლო თავად რთველის დაწყება ამინდზეა დამოკიდებული და ყურძნის მოსავლის აღება სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება.

„წელს ამინდი ალბათ მოგვცემს შესაძლებლობას და რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ბოლოს დაიწყება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო სუბსიდიას მხოლოდ ის კომპანიები მიიღებენ, რომელიც:

- 2020 წლის რთველის განმავლობაში შეიძენენ და გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“, ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდიან არანაკლებ 0.80 ლარისა.

- კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ. ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს: 1კგ. რქაწითელი - 0.30 ლარი; 1კგ. კახური მწვანე - 0.30 ლარი.

„სუბსიდირების მიზანია, არ დარჩეს გადაუმუშავებელი ყურძენი, არ იზარალოს მევენახემ, არ მოუწიოს მას ყურძნის ჩაბარება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

ამასთან, მნიშვნელოვანია, მოხდეს ღვინის საწარმოების სტიმულირება, რათა მათ შეძლონ ყურძნის შესყიდვა-გადამუშავება და წარმოების პროცესის შეუფერხებლად წარმართვა”, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.