მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი და დრამი მკვეთრად მყარდება - სავალუტო მიმოხილვა (03.06 – 10.06)

62a5d30961f43
ეგნატე შამუგია
13.06.22 08:00
8858
მართალია, მაისის ბოლო სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეცვლილი იყო, მაგრამ მაის-ივნისის საზიარო კვირას მდგომარეობა შედარებით ადრეულ პერიოდს დაუბრუნდა, რადგან რუბლი კვლავ მასშტაბურად გამყარდა, ხოლო ლარი გაუფასურდა. პარალელურად, წინა პერიოდების მსგავსად, სომხურმა დრამა რუბლის ტენდენცია გაიზიარა. გასულ კვირას კი რუბლმა და დრამმა მკვეთრი გამყარების ტენდენცია შეინარჩუნეს.
 
ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.956 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.962-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.23%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 22-ე სავაჭრო კვირასაც 2.36%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 4.29%-ითაა გამყარებული. აპრილში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა.

მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას რუსული რუბლი წინა პერიოდების ტენდენციას დაუბრუნდა. ეს კი, გასულ კვირასაც გაგრძელდა. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლი, დოლართან მიმართებით, 8.16%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 4.54% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 21.98%-ითაა გამყარებული. ადრეულ პერიოდში რუბლის გამყარება მეტწილად მონეტარულ პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას და კაპიტალის კონტროლს უკავშირდებოდა (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). თუმცა, გასულ კვირას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ომამდე ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო კაპიტალის კონტროლი შედარებით შემსუბუქებულია. გარდა რუსული რუბლისა, გასულ კვირას გამყარებით სომხური დრამიც გამოირჩეოდა, რომელიც ბოლო პერიოდში გამოკვეთილად რუბლის ტენდენციას იზიარებს. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.20%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, 13.09%-ითაა გამყარებული.

ივნისის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით, 4.06%-ით თურქული ლირა. თურქული ვალუტა წინა კვირასაც 1.38%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 30.37%-ით სწორედ ლირაა გაუფასურებული. გასულ წელს თურქეთს ეროვნული ვალუტა 78.81%-ით იყო გაუფასურებული. ლირის შემდეგ, გასულ კვირას მაღალი ნიშნულით, 2.70%-ით იაპონური იენი გაუფასურებული. ამავე პერიოდში, ევროს და ბრიტანული სტერლინგის გაუფასურების მაჩვენებელმა 1.89% და 1.41%-ები შეადგინა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 03.06 – 10.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 06.06 – 10.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტების მერყეობა, წინა პერიოდთან შედარებით, მაღალია. კვირის მანძილზე ყველაზე მკვეთრ მერყეობით რუსული რუბლი გამოირჩეოდა. ივნისის პირველი სავაჭრო კვირის რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 3.51%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.89% იყო. ამდენად, რუბლის წინა პერიოდთან შედარებით, მასშტაბური გამყარების ფონზე არასტაბილური იყო. რუბლის შემდეგ, 1.52%-იანი მერყეობით სომხური დრამი გამოირჩეოდა, რაც მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას 1.04% იყო.

გარდა რუბლი და დრამისა, ივნისის პირველ სავაჭრო კვირას მაღალი, 1.51%-ია თურქულ ლირასაც ახასიათებდა, რომელიც კვირის მანძილზე ყველაზე მეტით, 4.06%-ით გაუფასურდა. გარდა აღნიშნული ვალუტებისა, შედარებით მაღალი მერყეობა ახასიათებდა იენს, სტერლინგს და ევროს, რომლებიც გასულ კვირას გაუფასურებული იყო. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას იენის მერყეობამ 0.88% შეადგინა, რაც ბრიტანული სტერლინგის შემთხვევაში 0.85% იყო, ხოლო ევრო კი - 0.79%. კვირის მანძილზე შედარებით დაბალი მერყეობა უკრაინულ გრივნას, ჩინურ იუანს და ლარს ახასიათებდა. ივნისის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.33%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.74% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 03.06/10.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო. გაუფასურების საშუალო ნიშნული 4.47%-ს შეადგენდა, მაგრამ გასულ კვირას მდგომარეობა შედარება შეიცვალა. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ რუბლთან და დრამთან გაუფასურდა, რომლებიც თავად დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარებულია.

ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 6.50%-ით გაუფასურდა, ხოლო დრამთან - 4.03%-ით. წინა კვირას აღნიშნული გაცილებით მეტი, 10.43% და 6.62%-ები იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ ამ ორ ვალუტასთან მიმართ არის გაუფასურებული. ამ პერიოდში, ლარი რუსულ რუბლთან 23.38%-ით, ხოლო დრამთან 10.07%-ითაა გაუფასურებული. რაც შეეხება გამყარებას, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი სხვა დანარჩენ ვალუტებთან გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით, 24.91%-ით თურქულ ლირასთან. გასულ კვირასაც ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ყველაზე მეტით, 3.56%-ით სწორედ ლირასთანაა გამყარებული. გარდა ამ უკანასკნელისა, ივნისის პირველ სავაჭრო კვირას მაღალი ნიშნულით ლარის გაცვლითი კურსი იენი (2.97%), ევრო (1.59%), სტერლინგი (1.21%) და გრივნასთან (1.20%) გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ლარი რუბლსა და დრამთან მიმართებით გაუფასურდა, მაგრამ სხვა ვალუტებთან გამყარდა. საბოლოოდ, ეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის მცირედით გამყარებაში აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 0.15%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 4.65%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 7.38%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 21.60%-ია.

ივნისის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 140.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.47%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 22-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 1.05% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 30.83%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 20.42% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 23-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.