მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი და დრამი მკვეთრი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა - სავალუტო მიმოხილვა (17.06 – 24.06)

62b80cab86418
ეგნატე შამუგია
27.06.22 08:00
6868
ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.936 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.934-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.06%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 24-ე სავაჭრო კვირასაც 0.66%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 4.98%-ითაა გამყარებული. აპრილში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა. მიმდინარე თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.25%-ითაა გამყარებული.
 
გასულ კვირას კვლავ ყველაზე მეტით რუსული რუბლი გამყარდა, რაც აპრილიდან ამ უკანასკნელის მკვეთრად გამოხატული ტენდენციაა. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 6.20%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 1.66% იყო. წლის დასაწყისიდან კი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 27.68%-ით სწორედ რუბლია გამყარებულია. ამ დროისთვის რუბლი ომამდე პერიოდთან შედარებით, 35.98%-ით უფრო მყარია. ადრეულ პერიოდში რუბლის გამყარება მეტწილად მონეტარულ პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას და კაპიტალის კონტროლს უკავშირდებოდა (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). თუმცა, ივნისი პირველ სავაჭრო კვირას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ომამდე ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო კაპიტალის კონტროლი შედარებით შემსუბუქებულია.

ივნისის მესამე სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის იაპონური იენის გარდა სხვა ყველა გამყარებულია. კვირის მანძილზე იენი, დოლართან მიმართებით, 0.65%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირასაც 0.16%-ით გაუფასურებული იყო. იაპონურ ვალუტას გაუფასურების ტენდენცია ახასიათებს. წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქული ლირის შემდეგ, ყველაზე მეტით, 17.85%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, თავად თურქული ლირის გაუფასურება 28.10%-ს შეადგენს. თუმცა, ივნისის მესამე სავაჭრო კვირას თურქული ვალუტა 2.97%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას, ოდნავ მეტით, 3.02%-ით სომხური დრამი გამყარდა. აღსანიშნავია, რომ დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი ცვლილება ბოლო პერიოდში რუსული რუბლის მდგომარეობას იზიარებს. რუბლის შემდეგ, წლის დასაწყისიდან დღემდე, მაღალი, 14.96%-იანი გამყარებით სწორედ სომხური ვალუტა გამოირჩევა. რაც შეეხება ევროპულ ვალუტებს, ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ევრო 0.50%-ით გამყარდა, ხოლო ბრიტანული სტერლინგი 0.49%-ით.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 17.06 – 24.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 20.06 – 24.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

უკვე ტრადიციად იქცა რუსული რუბლის მაღალი მერყეობა. გასული კვირასაც ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა, მაგრამ წინა პერიოდებთან შედარებით დაბალი. ივნისი მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.17%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.60% იყო. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლის მერყეობა 3.51% იყო. ამდენად, ბოლო ორი კვირა რუბლი უფრო სტაბილური იყო, რასაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც ნაწილობრივ იზიარებენ.

გასულ კვირას მაღალი მერყეობით თურქული ლირა გამოირჩეოდა. კვირის მანძილზე ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.36%-ით იხრებოდა, რომელიც ამავე პერიოდში 2.97%-ით გამყარდა. ლირა და რუბლის შემდეგ, შედარებით მაღალი მერყეობა სომხურ დრამს ახასიათებდა. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას დრამის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.83%-ით იხრებოდა. სხვა დანარჩენი ვალუტების მერყეობა შედარებით დაბალი იყო. ყველაზე დაბალი მერყეობა, 0.08% ჩინურ იუანს ახასიათებდა, ხოლო კიდევ ერთი ასეთი დაბალი ნიშნულით, 0.11%-იანი მერყეობით ბრიტანული სტერლინგი გამოირჩეოდა. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 0.23% იყო, რაც წინა კვირას 0.44%-ს აღწევდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 17.06/24.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე სავაჭრო კვირის ბოლო დღეს დაფიქსირებული ნიშნულით, დოლართან მიმართებით ლარი 0.06%-ით გამყარდა, მაგრამ საშუალო შეწონილი კურსი 0.41%-ით გაუფასურდა. გასულ კვირას არამხოლოდ დოლართან, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურებულია. მათ შორის ყველაზე მეტით, 7.01%-ით რუსულ რუბლთან მიმართებით. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 32.54%-ით რუსულ რუბლთანაა გაუფასურებული.

წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლის შემდეგ, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი, 12.10%-ით სომხურ დრამთანაა გამყარებული. ამ პერიოდის მსგავსად, გასულ კვირასაც ლარი მაღალი ნიშნულით, 4.23% სწორედ დრამთანაა გაუფასურებული, რომელიც თავად დოლართან მიმართებით 3.02%-ითაა გამყარებული. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი კიდევ ერთ მეზობელ ვალუტასთან, აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებით 1.73%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება თურქეთს, გასულ კვირას ლარის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი თურქულ ლირასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებით, 0.06%-ითაა გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ყველაზე მეტით, 26.90%-ით სწორედ ლირასთანაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი ყველა შერჩეულ ვალუტებთან გაუფასურდა, რაც ინდექსის მკვეთრ გაუფასურებაზე აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 1.58%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 1.63 %-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 7.41%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 19.51%-ია.

ივნისის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 141.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.33%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 24-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.67% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 19.70%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 21.95% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 25-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას იაფდება.