მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი დოლართან ოთხწლიან მინიმუმზე დაეცა - 1 დოლარი 74 რუბლი ღირს

5e661801bcd80
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 14:22
2087
9 მარტს რუსული რუბლი აშშ დოლართან 2016 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის დაწყებისას ერთი დოლარი 68 რუბლი ღირდა, თუმცა, გლობალურად ნავთობის ფასების დაცემასთან ერთად, რუსული რუბლიც გაუფასურდა. ერთი დოლარი ამჟამად 74 რუბლი ღირს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გლობალურ ბირჟებზე სავაჭრო სესიის განახლების პირველივე წამებზე ნედლი ნავთობის ფასი 31%-ით დაეცა და ბარელი ნავთობის ღირებულება დროებით $30-დოლარიან ნიშნულსაც ჩამოსცდა. ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში (1991 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდგომ) ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ცვლილებაა.

ამჟამად, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი (WTI) $33-ს შეადგენს.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების კავშირი (OPEC) კორონავირუსის მიერ ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, საკუთარი მოპოვების ეტაპობრივ შემცირებას განიხილავდა. ამ განხილვებში ჩართულები იყვნენ OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთიც, რომლემაც OPEC-ის შეთანხმებაზე უარი თქვა და საკუთარი მოპოვება არ შეამცირდა. ვენაში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმების მიუღწევლობამ გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასის 10%-ით შემცირება გამოიწვია.

ამის შემდეგ, OPEC-ის უმსხვილესმა მოთამაშემ საუდის არაბეთმა ვითარების დამატებითი ესკალაცია მოახდინა და გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილის გასაზრდელად სარეალიზაციო ნედლი ნავთობის ფასი შეამცირა.

ამის შედეგად კი, 9 მარტს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი კიდევ 30%-ით შემცირდა.

ფასების ვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, საუდის არაბეთი ნავთობის შედარებით ძვირადღირებული მწარმოებლებისთვის გეგმავს ფინანსური პრობლემების შექმნას, მათ შორისა,ა რუსეთის ფედერაცია და აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის საპასუხო გადაწყვეტილება:

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს რუბლის ვარდნის პარალელურად, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის შეძენა 30 დღით შეაჩერა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარეგულირებელი აკვირდება სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს და მზად არიან, აამოქმედონ დამატებითი ინსტრუმენტები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.