26.სექტემბერი .2022 08:00

რუბლი გამყარებას დაუბრუნდა, ლარი ტენდენცია შეიცვალა - სავალუტო მიმოხილვა (16.09 – 23.09)

რუბლი გამყარებას დაუბრუნდა, ლარი ტენდენცია შეიცვალა - სავალუტო მიმოხილვა (16.09 – 23.09)
views 12750
უკან

სექტემბრის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.826 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.832-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.22%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 37-ე სავაჭრო კვირას 0.24% იყო. ამდენად, ლარის ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გაუფასურება, მესამე კვირაა გამყარებით შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 8.47%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ითაა გაუფასურებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 2.37%-იანი გამყარებაა.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის კიდევ სამი ფულის ერთეულია გამყარებული. სექტემბრის მესამე კვირას ყველაზე მეტით, 4.24%-ით რუსული რუბლი გამყარდა. აღნიშნული კი რუბლის ადრეული პერიოდის ტენდენციის დაბრუნებაა, როცა რამდენიმე კვირის მანძილზე მკვეთრად მყარდებოდა. რუბლის ასეთი ბოლო თვეების ტრაექტორია, ამ უკანასკნელის მკვეთრ გამყარებას ასახავს. წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 22.42%-ითაა გამყარებული. რუბლის შემდეგ კი, მაღალი გამყარებით სომხური დრამი გამოირჩევა. წლის დასაწყისიდან დღემდე დრამის კურსი 14.11%-ით არის გამყარებული, ხოლო გასულ კვირას სომხური ვალუტა დოლართან მიმართებით 0.80%-ით არის გამყარებული. ამ პერიოდში მესამე გამყარებული ვალუტა უკრაინული გრივნაა, რომლის გამყარებამ 0.20% შეადგინა.

რაც შეეხება გაუფასურებას, სექტემბრის მესამე კვირას მკვეთრი გაუფასურებით ევროპული ვალუტები გამოირჩევა. გასულ კვირას ბრიტანული სტერლინგი, დოლართან მიმართებით, 5.17%-ით გაუფასურდა, ხოლო ამ პერიოდში ევროს გაუფასურების მაჩვენებელი 3.40%-ია. გასულ კვირას არამხოლოდ ეს ორი ვალუტა, არამედ თურქული ლირაც გაუფასურდა, რომელიც წინა კვირასაც 0.17%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 40.24%-ით სწორედ ლირაა გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 16.09 – 23.09 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ფიგურა 2: 19.09 – 23.09-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

რამდენიმე თვის მანძილზე რუსული რუბლი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტად მერყევი იყო. აღნიშნულ წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიცვალა, რაც სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას მეტად თვალშისაცემი იყო. თუმცა, მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. სექტემბრის მესამე სავაჭრო კვირა რუბლის მკვეთრი გამყარების ფონზე, ეს უკანასკნელი მაღალი, 2.65%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა.

სექტემბრის მესამე სავაჭრო კვირას არამხოლოდ ლარი, არამედ სხვა ვალუტების მერყეობაზე შედარებით მაღალია. განსაკუთრებით ევროპული ვალუტების, მაგრამ განსხვავებით რუბლისა, ბრიტანული სტერლინგი და ევრო გაუფასურებულია. გასულ კვირას ბრიტანელი ვალუტის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.04%-ით იხრებოდა, რაც ევროს შემთხვევაში 1.34% იყო. კვირის მანძილზე მაღალი, 0.70%-იანი მერყეობა ჩინურ იუანსაც ახასიათებდა, რომელიც ამავე პერიოდში 2.02%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ლარს, კვირის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.27%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირასთან შედარებით არასტაბილურობა ასახავს, რადგან ამ პერიოდში მერყეობა მხოლოდ 0.12% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 16.09/23.09(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

სექტემბრის მესამე სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ეს წინა ოთხი კვირა იყო. ამ პერიოდში, ლარის გაცვლითი კურსი თითქმის ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით მყარდებოდა, რაც გასულ კვირას შეცვალა. ამ პერიოდში ლარი საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი უმეტეს ვალუტასთან, საშუალოდ 0.81% გაუფასურდა, ხოლო შერჩეულიდან ოთხ ვალუტასთან საშუალოდ 1.73%-ით გამყარდა.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 2.86%-ით ბრიტანულ სტერლინგთან გამყარდა. სტერლინგის შემდეგ, 2.08%-ით ევროსთან. აღსანიშნავია, რომ კვირის მანძილზე ორივე ვალუტა დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურებულია. ლარი კიდევ ერთ მკვეთრად გაუფასურებულ ვალუტასთან, ჩინურ იუანთან გამყარდა. სექტემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი იუანთან 1.42%-ით გამყარდა. კიდევ ერთი ასეთი ვალუტა თურქული ლირაა, რომელთანაც ლარის გამყარებამ 0.58% შეადგინა. ლარი ლირასთან მიმართებით, წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მეტით, 33.52%-ით არის გამყარებული.

რაც შეეხება გაუფასურებას, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 2.93%-ით რუბლთან გაუფასურდა. წინა კვირას ლარი რუბლთან მიმართებით 0.22%-ით იყო გამყარებული. ომის დაწყების პირველ პერიოდში რუბლის მკვეთრი გაუფასურების და შემდეგ გამყარების ტენდენცია ლართან მიმართებითაც აისახა. შესაბამისად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით 17.22%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ლარი კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ეროვნულ ვალუტასთან, 6.53%-ით არის გაუფასურებული. გასულ კვირას კი ლარის დრამთან გაუფასურებამ 1.43% შეადგინა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. სექტემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან უმეტესთან გაუფასურდა, მაგრამ გამყარების ნიშნული უფრო მაღალი იყო. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 0.27%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.28%-ით გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 19.04%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 30.81%-ია.

სექტემბრის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 154.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.43%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 37-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.50% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 29.92%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 30.21% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 38-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.