მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი გამყარებას განაგრძობს - სავალუტო მიმოხილვა (18.03 – 25.03)

62403dad1f797
ეგნატე შამუგია
28.03.22 08:00
12143
მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.214 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.213-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.06%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის მეთერთმეტე სავაჭრო კვირას 0.29%%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ორკვირიანი გამყარების შემდეგ ლარი მცირედით, მაგრამ გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 4.09%-ითაა გაუფასურებული, რაც უმეტესად თებერვალში 5.44%-იანი გაუფასურების შედეგია.
 
რაც შეეხება საომარ მოქმედებაში მყოფი ვალუტების მდგომარეობას, რუბლი გამყარდა, ხოლო გრივნა მცირედით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დაწესებული სანქციების შემდეგ, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი მკვეთრად გაუფასურდა, უკვე მეორე კვირაა ეს უკანასკნელი მყარდება. გასულ კვირას რუბლი 5.00%-ით გამყარდა, რაც სავაჭრო კალათით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი ნიშნულია. ასეთი მდგომარეობა იყო წინა კვირასაც. მარტის მესამე სავაჭრო კვირას რუბლი დოლართან მიმართებით 22.38%-ით იყო გამყარებული. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 32.71%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში 8.21%-ითაა გაუფასურებული. უკრაინული ვალუტა 28 თებერვლის შემდეგ ბლუმბერგის პლატფორმაზე არ ივაჭრებოდა, რაც წინა კვირის პარასკევს აღდგა. თუმცა, გასული კვირის რიგ პერიოდში ვაჭრობა არ შემდგარა. მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.41%-ით გაუფასურდა.

გარდა გრივნა და ლარისა, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 2.01%-ით იაპონური იენია გაუფასურებული, რაც წინა კვირასაც 1.60% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე იაპონური ვალუტა 5.42%-ითაა გაუფასურებული, რაც შარშან 11.51% იყო. იაპონური იენის შემდეგ ევროა 0.57%-ით გაუფასურებული, რომელიც წინა კვირას 1.25%-ით იყო გამყარებული. წინა კვირას 5.22%-ით სომხური დრამიც იყო გამყარებული, მაგრამ მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.41%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 18.03 – 25.03 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 21.03 – 25.03-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება მცირე იყო, ამ ფონზე მერყეობის ნიშნული მაღალი იყო. მარტის მესამე სავაჭრო კვირას, როცა ლარი 0.29%-ით გამყარდა, ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.29%-ით იხრებოდა. მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი 0.06%-ით გაუფასურდა, ხოლო კურსის ყოველდღიურმა მერყეობამ საშუალოსთან მიმართებით 0.25% შეადგინა.

წინა კვირის მსგავსად, ყველაზე მეტად მერყევი რუბლი იყო. კერძოდ, გასულ კვირას რუბლის ყოველდღიური კურსის მაჩვენებელი საშუალოსთან მიმართებით 4.11%-ით იხრებოდა, რაც მარტის მესამე სავაჭრო კვირას 8.26% იყო, ხოლო მეორე კვირას კი - 9.19%. გასული კვირის მანძილზე გამოკვეთილად მერყევი, რუბლის შემდეგ, იაპონური იუანი იყო. მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას, 2.01%-იანი გაუფასურების ფონზე, იუანის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობამ 0.88% შეადგინა. ამ პერიოდში, სხვა შერჩეულ ვალუტებს დაბალი მერყეობა ახასიათებდა. განსაკუთრებით გამორჩეული თურქული ლირა იყო, რადგან ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.06%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 18.03/25.03 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. აღნიშნული საშუალოდ 3.68%-ს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 15.05%-ით რუსულ რუბლთან იყო გამყარებული. თუმცა, მარტის მესამე სავაჭრო კვირას ლარის შეწონილი ნომინალური კურსი ყველზე მეტით, 25.76%-ით სწორედ რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. გასულ კვირასაც ლარის ყველაზე მეტით, 4.11%-ით რუსულ ვალუტასთანაა გაუფასურებული. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი კურსი ყველაზე მეტით, 20.99%-ით სწორედ რუბლთან მიმართებითაა გამყარებული.

წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულით ლარის ნომინალური კურსი ლირასთანაა გამყარებული. კერძოდ, იანვრიდან დღემდე ლარი ლირასთან 6.01%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას კი, პირიქით, ლარი აღნიშნულთან 0.26%-ით გაუფასურდა. რუბლის შემდეგ, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას მაღალი ნიშნულით, 2.63%-ით ლარის კურსი გაუფასურება უკრაინულ გრივნასთან მიმართებით დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინულ ვალუტასთან მიმართებით ლარი საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.58%-ითაა გამყარებული. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის უმეტესთან გაუფასურებულია, მაგრამ იაპონურ იენთან გამყარებული. თავად იენი, დოლართან მიმართებით, კვირის მანძილზე ყველაზე მეტით, 2.01%-ით გაუფასურდა, ხოლო ლართან ეს მაჩვენებელი 1.77%-ს შეადგენს.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურდა, რაც ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზეც გაუფასურებით აისახა. გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.95%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 3.38% იყო. ამდენად, ზედიზედ მეორე კვირაა ნომინალური ეფექტური კურსი უფასურდება. მანამდე, მარტის მეორე სავაჭრო კვირას აღნიშნული 4.76%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 3.23%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 22.38%-ია.

მარტის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 135.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.57%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეთერთმეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 1.12% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 22.07%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 25.34% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეთორმეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას იაფდება.