მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (01.07 – 08.07)

62cab5b0d4aee
ეგნატე შამუგია
11.07.22 08:00
7663
ივლისის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.886 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.881-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.16%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 26-ე სავაჭრო კვირას 1.99%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 6.54%-ითაა გამყარებული. მაისში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.50%-ით იყო გამყარებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 2.50%-ია.
 
ივლისის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა. თითქმის ყველა, რადგან ჩინური იუანის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მცირედით, 0.01%-ით გამყარდა. სხვა დანარჩენი ვალუტები გაუფასურებულია. მათ შორის, ყველაზე მეტად რუსული რუბლი. გასულ კვირას რუბლმა ადრეული პერიოდის მკვეთრი გამყარების ტენდენცია დაკარგა და მკვეთრად გაუფასურდა. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 12.93%-ითაა გაუფასურებული. წინა კვირას ეს მაჩვენებელი 0.07% იყო. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის რუბლი ყველაზე მეტით, 15.50%-ითაა გამყარებული. ომამდე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 25.20%-ია.

რუსული რუბლის შემდეგ, მაღალი ნიშნულით თურქული ლირა გაუფასურდა. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.29%-ით გაუფასურდა. თუმცა, წინა კვირას ლირა 1.34%-ით იყო გამყარებული. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მეტით, 31.78%-ით თურქული ლირაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ევროს გაუფასურება 11.56%-ს აღწევს, ხოლო ბრიტანული სტერლინგის 12.44%-ია. გასულ კვირას კი, ევრო, დოლართან მიმართებით 2.97%-ით გაუფასურდა, ხოლო სტერლინგი კი - 0.92%-ით. ამ პერიოდში კიდევ ერთი მკვეთრად გაუფასურებული ვალუტა სომხური დრამია, რომლის გაუფასურებამ 1.27% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დრამი მეტწილად რუბლის ტენდენციას იზიარებს.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 01.07 – 08.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 04.07 – 08.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

უკვე ტრადიციად იქცა რუსული რუბლის მაღალი მერყეობა. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირასაც ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა, რაც წინა პერიოდებთან შედარებით გაზრდილი იყო. წინა კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.98%-ით იხრებოდა, რაც ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას 1.17% იყო, ხოლო ივნისის მესამე სავაჭრო კვირას კი - 1.60%. თუმცა, ივლისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლი უფრო მეტად არასტაბილური გახდა. მკვეთრი, 12.93%-იანი გაუფასურების ფონზე, რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 5.22%-ით იხრებოდა.

გარდა რუბლისა, კვირის მანძილზე სხვა გაუფასურებული ვალუტების მერყეობაც შედარებით მაღალი იყო. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას ლირის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.21%-ით იხრებოდა. ამ პერიოდში ევროს მერყეობამ 1.15% შეადგინა, ხოლო ბრიტანული სტერლინგი 0.57%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა. კვირის განმავლობაში კიდევ ერთი მკვეთრად გაუფასურებული ვალუტა სომხური დრამი იყო, რომლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან 0.53%-ით იხრებოდა. შედარებით დაბალი, მაგრამ წინა პერიოდთან მიმართებით გაზრდილი, 0.45%-იანი მერყეობა ქართულ ლარს ახასიათებდა. რაც შეეხება სტაბილურობას, დაბალი 0.11% და 0.12%-იანი მერყეობებით იაპონური იენი და ჩინური იუანი გამოირჩეოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 01.07/08.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, რაც წინა კვირას რადიკალურად შეიცვალა. ამგვარი ტენდენცია გასულ კვირას კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. მათ შორის, საშუალო შეწონილი კურსი დოლართან მიმართებითაც 0.62%-ითაა გამყარებული. ოდნავ უფრო ნაკლებით, 0.60%-ით კი უკრაინულ გრივნასთან.

გასული კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 13.66%-ით რუსულ რუბლთანაა გამყარებული. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, ყველაზე მეტით, 11.20%-ით რუსეთის ეროვნულ ვალუტასთან არის გაუფასურებული. ამ პერიოდში თავად რუბლი, დოლართან მიმართებით, 15.50%-ითაა გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი გარდა რუბლისა, დრამთან მიმართებით, 9.25%-ითაა გაუფასურებული. სხვა დანარჩენთან კი გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით, 27.85%-ით თურქულ ლირასთან. გასულ კვირას კი ლარი, რუბლის შემდეგ, მკვეთრად, 3.92%-ით სწორედ ლირასთან გამყარდა. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან 3.54%-ითაა გამყარებული. საერთო ჯამში, ლარის ნომინალური კურსი კვირის მანძილზე საშუალოდ 2.80%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ყველა შერჩეულ ვალუტებთან გამყარდა, რაც ინდექსის მკვეთრ გამყარებაში აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 4.21%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.74% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 12.77%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 25.95%-ია.

ივლისის პირველ სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 146.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.08%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 26-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.72% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 23.50%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 18.85% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 27-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.