მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (20.05 – 27.05)

6293582d2c1cd
ეგნატე შამუგია
30.05.22 08:00
11242
წინა კვირისგან განსხვავებით, მაისის ბოლო სავაჭრო კვირას, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებს შორის უმეტესობის ტენდენცია შეცვლილია. მათ შორის, აღსანიშნავია რუბლის მდგომარეობის ცვლილება - მასშტაბური გაუფასურება.
 
მაისის ბოლო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.894 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.890-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.15%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის მეოცე სავაჭრო კვირასაც 3.54%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 6.28%-ითაა გამყარებული. აპრილში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. მიმდინარე თვეს აღნიშნული 4.89%-ია.

განსხვავებით წინა რამდენიმე კვირისა, რუსული რუბლი მაისის ბოლო კვირას მკვეთრად გაუფასურდა. რუსული ვალუტა მკვეთრად მას შემდეგ გაუფასურდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14.0% -დან 11.0%-მდე შეამცირა. გასულ კვირას რუბლი, დოლართან მიმართებით, 6.80%-ით გაუფასურდა, რაც წინა პერიოდში მკვეთრად მყარდებოდა. გამყარება კი მეტწილად მონეტარულ პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას და კაპიტალის კონტროლს უკავშირდებოდა (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რუბლი მკვეთრად გაუფასურდა, დოლართან მიმართ ამ უკანასკნელის გაცვლითი კურსი ომამდე პერიოდის ნიშნულზე უფრო დაბალია და წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 11.01%-ითაა გამყარებული.

გასულ კვირას რუბლის გარდა სხვა ვალუტებიც გამყარდა. მაისის ბოლო სავაჭრო კვირას ევროს გამყარებამ 1.60% შეადგინა, რაც წინა კვირას 1.44% იყო. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ევრო, დოლართან მიმართებით, 5.24%-ითაა გაუფასურებული. მაისის მეოთხე სავაჭრო კვირას სომხური დრამი 1.57%-ით გამყარდა, რაც მესამე სავაჭრო კვირას 0.93%-იანი გაუფასურებით გამოირჩეოდა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლის შემდეგ, მაღალი, 6.57%-იანი გამყარებით სწორედ სომხური ვალუტაა გამოკვეთილი.

მაისის ბოლო სავაჭრო კვირას კიდევ ერთი ევროპული ვალუტა, ბრიტანული სტერლინგი გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.07%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში, იაპონური იენი 0.60%-ითაა გაუფასურებული. რაც შეეხება გასული კვირის სხვა გაუფასურებულ ვალუტებს - მაისის ბოლო სავაჭრო კვირას თურქული ლირა, დოლართან მიმართებით 1.97%-ით გაუფასურდა. ლირა წინა კვირასაც 2.76%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ყველაზე მეტით, 23.58%-ით სწორედ თურქეთის ეროვნული ვალუტაა გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 20.05 – 27.05 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება გასული კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 23.05 – 27.05-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასული კვირის მანძილზე სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტების უმეტესობას შედარებით მაღალი მერყეობა ახასიათებდა. მკვეთრი გაუფასურების ფენზე, მეტად არასტაბილური რუსული რუბლი იყო. მაისის ბოლო სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 7.28%-ით იხრებოდა. წინა კვირიას აღნიშნული მაჩვენებელი 3.60% იყო. რუბლის შემდეგ, გასული კვირის მაღალი არასტაბილურობით გამორჩეული ვალუტა თურქული ლირაა. მაისის ბოლო სავაჭრო კვირას, 1.97%-იანი გაუფასურების ფონზე, ლირის მერყეობამ 1.13% შეადგინა. მაისის მესამე სავაჭრო კვირას ლირის მერყეობა 1.01%-ს შეადგენდა. ამდენად, ბოლო ორი კვირაა თურქული ვალუტაც არასტაბილურია.

ამ პერიოდში ლარიც შედარებით ნაკლებად სტაბილური ვალუტების რიგებშია. მაისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.70%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.20% იყო. უფრო ადრე კი, ლარი შედარებით სტაბილური იყო, რადგან მაისის მეორე კვირას მერყეობა 0.15%-ს შეადგენდა, ხოლო პირველ სავაჭრო კვირას - 0.25%-ს. გასულ კვირას ასეთი მდგომარეობა ევროს ახასიათებდა, რადგან კვირის მანძილზე ამ უკანასკნელის მერყეობა მხოლოდ 0.25% იყო, რაც შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე დაბალი მერყეობის ნიშნულია.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 20.05/27.05 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

რუბლი ომამდე ნიშნულს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა, ხოლო შემდეგ გამყარება განაგრძო. ამავე პერიოდში ლარიც მყარდებოდა, მაგრამ შედარებით დაბალი ნიშნულით. შესაბამისად, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რამდენიმე კვირაა რუბლთან მიმართებით უფასურდებოდა. თუმცა, გასულ კვირას რუბლის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ლარი ყველაზე მეტით სწორედ რუსულ ვალუტასთან, 9.13%-ით გამყარდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ რუსულ რუბლთანაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, რუბლი ლართან მიმართებით 4.91%-ითაა გამყარებული.

მაისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარი არამხოლოდ რუბლთან, არამედ, გარდა დრამისა, სხვა დანარჩენ ვალუტებთან მიმართებითაც გამყარდა. საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართანაც გამყარებულია. თუმცა, რუბლის შემდეგ ლარი ყველაზე მეტით, 4.01%-ით თურქულ ლირასთან გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 24.39%-ია. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი ყველაზე მეტით სწორედ თურქულ ლირასთან მიმართებითაა გამყარებული. ყველაზე მცირედით, 0.75%-ით სომხურ დრამთანაა გამყარებული. თუმცა, გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ დრამთან გაუფასურდა, რამაც 0.47% შეადგინა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მაისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი, დრამის გარდა, ყველასთან გამყარდა. გასულ კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი გამყარებულია. მაისის ბოლო სავაჭრო კვირას აღნიშნული ინდექსი 2.78%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 2.91% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 12.46%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 30.65%-ია.

მაისის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 144.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.18%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილ არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეოცე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.76% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 29.00%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 29.95% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 21-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.