მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა- სავალუტო მიმოხილვა (01.04 – 08.04)

6252b21a5eb90
ეგნატე შამუგია
11.04.22 08:00
8808
ლარი წინა კვირის ტენდენციას იზიარებს. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას, მარტის ბოლო კვირის მსგავსად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი არამხოლოდ დოლართან, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტასთანაც გამყარებულია. გასულ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.065 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.090-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.81%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეცამეტე სავაჭრო კვირასაც 3.66%%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მცირედით, 0.74%-ითაა გამყარებული. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.29%-ით იყო გამყარებული, რაც თებერვალში 5.44%-იანი გაუფასურებით გამოირჩეოდა.
 
გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს რუსული რუბლი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო აშშ და ევროპის კავშირის მიერ სანქციები დაწესდა, რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მაგალითად, მარტის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 22.38%-ით გამყარდა, რაც მეოთხე კვირას 5.00% იყო. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 15.89%-ით იყო გამყარებული, რაც აპრილის პირველ სავაჭრო კვირას 5.88%-ია. ამდენად, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსის ნიშნული 24 თებერვლამდე არსებულს დაუბრუნდა.

რაც შეეხება უკრაინულ ვალუტას, 28 თებერვლის შემდეგ გრივნა ბლუმბერგის პლატფორმაზე აქტიურად არ ივაჭრებდა. ერთი პერიოდი საერთოდ არ განხორციელებულა გაცვლა. ვაჭრობა 18 მარტიდან აღდგა, როცა უკრაინული ვალუტა მცირედით გამყარდა. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას უკრაინული გრივნა 0.23%-ით გაუფასურდა, რაც მარტის ბოლო სავაჭრო კვირას მცირედით, 0.18%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, უკრაინული ვალუტა 8.27%-ითაა გაუფასურებული.

გასულ კვირას არამხოლოდ რუბლი და ლარი, არამედ სომხური დრამიც გამყარდა. კერძოდ, აპრილის პირველ სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.70%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირასაც 1.71%-ით იყო გამყარებული. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალთის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 1.59%-ით ევროა გაუფასურებული, ხოლო შემდეგ მაღალ ნიშნულს იაპონური იენის 1.49%-იანი გაუფასურება იკავებს. ამ პერიოდში ბრიტანული სტერლინგი კი - 0.60%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 01.04 – 08.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 04.04 – 08.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მარტის ბოლო სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი სტაბილურობის ტენდენციას დაუბრუნდა. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ყოველდღიური კურსის ნიშნული საშუალოსთან მიმართებით 0.25%-ით იხრებოდა. ეს კი წინა კვირასთან შედარებით მკვეთრი სტაბილურობაა, რადგან მარტის ბოლო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 1.05%-ს აღწევდა. უფრო ადრე, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას 0.25% იყო, ხოლო მესამე კვირას კი - 0.29%.

წინა კვირების მსგავსად, აპრილის პირველ სავაჭრო კვირასაც მკვეთრი არასტაბილურობა რუსულ რუბლს ახასიათებდა. გასულ კვირას, 5.88%-იანი გამყარების ფონზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.27%-ით იხრებოდა. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას კი 15.89%-იანი გამყარების ფონზე რუბლის მერყეობა 5.82%-ს აღწევდა, რაც მარტის მეოთხე კვირას 4.11% იყო. უფრო ადრე, მესამე და მეორე სავაჭრო კვირების მანძილზე 8.26% და 9.19% -ები. გასულ კვირას სხვა დანარჩენი ვალუტები დაბალი მერყეობით ხასიათდებოდა. მათ შორის, ყველაზე ნაკლები, 0.03%-იანი მერყეობა ჩინურ იუანს ახასიათებდა. ამავე პერიოდში, 0.43%-იანი გაუფასურების ფონზე, თურქული ლირის მერყეობა დაბალ, 0.17%-იან ნიშნულს იკავებდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 01.04/08.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. აღნიშნული საშუალოდ 3.68%-ს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 15.05%-ით რუსულ რუბლთან გამყარდა. თუმცა, მარტის მესამე სავაჭრო კვირას ლარის კურსი ყველზე მეტით, 25.76%-ით სწორედ რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. მეოთხე კვირასაც ლარის ყველაზე მეტით, 4.11%-ით რუსულ ვალუტასთან იყო გაუფასურებული. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ ვალუტასთან მიმართებით კვლავ მასშტაბურად, 14.21%-ით გაუფასურდა. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა აპრილის დასაწყისში, რადგან გასულ კვირას ლარის რუსულ რუბლთან მიმართებით 4.02%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი კურსი ყველაზე მეტით, 6.14%-ით სწორედ რუბლთან მიმართებითაა გამყარებული.

აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი არამხოლოდ რუბლთან, არამედ სომხურ დრამთან მიმართებითაც გაუფასურდა. გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი დრამთან 0.98%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 2.50%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე დრამთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.56%-ითაა გაუფასურებული.

გასულ კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 1.07%-ით გამყარდა. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას კი საშუალოდ 3.83%-ით იყო გამყარებული. აპრილი პირველ სავაჭრო კვირას ლარი ყველაზე მეტით, 2.11%-ით ევროსთან მიმართებით გამყარდა, რაც წინა კვირასაც მაღალი, 3.64% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ევროსთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 4.34%-ითაა გამყარებული. ევროს შემდეგ, 1.92%-ით ლარის გაცვლითი კურსი იაპონურ იენთან მიმართებით გამყარდა, ხოლო 1.24%-ით კი - ბრიტანულ სტერლინგთან. აღნიშნულ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე დაბალი, 0.46%-ით აზერბაიჯანულ მანათთანაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია, საერთო ჯამში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა. მიზეზი კი ლარის რუბლთან და დრამთან გაუფასურებაა. გასულ კვირას ლარი რუბლთან მიმართებით 4.02%-ით გაუფასურდა, ხოლო დრამთან კი - 0.98%-ით. ამავე პერიოდში ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი 0.25%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 1.21%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 4.73%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 25.65%-ია.

აპრილის პირველ სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 137.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.25%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრ არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეცამეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.11% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 26.03%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 24.08% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეთოთხმეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას იაფდება.