მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა გაფართოვდა - ინვესტიცია 300 000 ლარამდეა

608fccf9b3f7b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.21 22:00
2665
რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის აგრო-ტურისტული ობიექტი, ქვეყანაში არსებული პანდემიური და მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, განვითარებასა და გაფართოებას განაგრძობს, ინვესტიციის მოცულობა კი 300 000 ლარამდეა.
 
მეურნეობის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რთული წლის მიუხედავად, მათ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს და მეურნეობაში არსებული ოთახების რაოდენობა ორი საოჯახო ტიპის აპარტამენტით გაზარდეს, შედეგად, 5 მაისიდან უფრო მეტი სტუმრის მიღებას შეძლებენ.

„მეურნეობამ ახალი საოჯახო აპარტამენტები დაამატა, რომელიც როგორც ჯგუფებისთვის, ასევე საოჯახო დასვენებისთვის იქნება გათვლილი. ოჯახები, რომლებსაც სოფლებში წასვლის საშუალება არ აქვთ, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში დაისვენონ. გაფართოების შედეგად მეურნეობას ერთდროულად 18 ადამიანის მიღება შეეძლება. მეურნეობაში ჩამოსვლის მსურველებს შეუძლიათ აქტიური დასვენების ფორმა აირჩიონ და კახეთში მეურნეობასთან ახლოს არსებული რელიგიურ-კულტურული ძეგლები დაათვალიერონ, ან თავად მეურნეობაში მოძებნონ მათთვის სასურველი საქმე, ან უბრალოდ ბუნების წიაღში განიტვირთონ“, - ამბობს მეურნეობის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, აპარტამენტები კეთილმოწყობილია და მეურნეობაში დამოუკიდებელი დასვენებისთვისაა განკუთვნილი, ამასთან მსურველებს რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის მომსახურებით სარგებლობაც შეუძლია.

„ეს ეკოლოგიურად სუფთა აპარტამენტებია და არ არის გამოყენებული რკინა-ბეტონი, ოთახები სრულად მოწყობილია ხით და კირქვითაა ნაგები, შესაბამისად ოთახების მოსაწყობად მეტი ფინანსური რესურსის ჩადება დაგვჭირდა, ამ ოთახების კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 250-300 ათას ლარამდე დაიხარჯა“, - აღნიშნავს გიორგი ალადაშვილი.

დღეს, პანდემიური და რთული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში განთავსებისა და დასვენების ღირებულება 50 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის. ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მომსახურების მიღებას ისურვებს სტუმარი.

გიორგი ალადაშვილი ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად ტურისტების ინტერესსა და მეურნეობის დატვირთულობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ბიოდინამიურ მეურნეობას ბევრი ადამიანი სტუმრობს, შესაბამისად უქმეები ძალიან დატვირთული აქვთ.

„მეურნეობას ძირითადად საქართველოში მცხოვრები და მომუშავე უცხოელები - შვეიცარიელები, ფრანგები, იტალიელები სტუმრობენ. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს, ბოლო პერიოდში ჩვენ უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს ვუმასპინძლეთ.

ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითადად ერთი დღით ჩამოდიან“, - ამბობს რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი.