23.მარტი .2020 22:30

რუისპირის ბიოდინამიურმა მეურნეობამ სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყო

views 5519
უკან

რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში სადეზინფექციო სითხეებისა და პირბადეების წარმოება დავიწყეთ, - ამის შესახებ BM.GE-ის მეურნეობის მფლობელმა გიორგი ალადაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ტურისტული სეზონი აქტიური კიდევ დიდხანს არ იქნება, შესაბამისად მათ მეურნეობის ადაპტირება და დღევანდელ საჭიროებებზე მორგება გადაწყვიტა. ამით დასაქმებულების გაშვებაც არ მოუწევს და სამომავლოდ შესაძლოა ახალი პროდუქტის წარმოებასაც ჩაეყაროს საფუძველი მის მეურნეობაში.

„როგორც კი გაჩნდა ამის საჭიროება და გავაცნობიერეთ რამხელა კრიზისის წინაშე დადგა ქვეყანა, მაშინ გადავწყვიტეთ რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში სადეზინფექციო სითხეებისა და პირბადეების წარმოება, რომლის რეალიზება ალბათ, ახლო მომავალში მოხდება. იმისთვის რომ შევძლოთ ჩემი თანამშრომლების შენახვა და არ მომიწიოს მათი სახლში გაშვება, მეურნეობა გადავაწყეთ და დავიწყეთ სადეზინფექციო სითხეებისა და პირბადეების წარმოება.

რეალიზაცია პირველ ეტაპზე მოხდება ადგილობრივ მოსახლეობაში, 100 მლ-იანებს 2 ლარად გავყიდით, ხოლო 250 მლ-იანს - 3 ლარად, იმისთვის რომ მათ არ მოუწიოთ ძვირად ღირებული სადეზინფექციო სითხეების შეძენა. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვართ ორიენტირებული მოგებაზე“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

მეურნეობის მფლობელმა სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების წარმოების დაწყებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გაიარა კონსულტაციები და პირველი წარმოება როგორც თვითონ ამბობს, მცირე რაოდენობით დაიწყო.

„თავდაპირველად თანამშრომლებისთვის დავიწყეთ ამის წარმოება, თუმცა შემდგომში გავიარე კონსულტაციები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და ჩვენი წარმოების 85 გრადუსიანი სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, გვირილის ნაყენი და თაფლი დასარბილებლად დავამზადეთ სადეზინფექციო სითხე.

პირბადეებისთვის გამოვიყენეთ სამმაგი მატერია მიტკალი - ძველად საავადმყოფოებში სწორედ ამას ხმარობდნენ, ახლა რისი რესურსიც გვქონდა ამ პერიოდისთვის. ეს პირბადეები იქნება მრავალჯერადი გამოყენების.

პირველადი წარმოებისას დავამზადეთ 10 000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი, ხოლო პირბადე 5 000 ცალი და ამის წარმოებას მოთხოვნიდან გამომდინარე გავაგრძელებთ.

ამასთან ერთად ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ პროდუქტების კალათას მათი სურვილისამებრ - სადეზინფექციო, პირბადეებე, კვერცხი და სხვა სოფლის პროდუქცია“, - განმარტა რუისპირის დინამიური მეურნეობის მფლობელმა.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო დაინტერესდება ასეთი ინიციატივებით და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს წარმოებაში.

„ჯობია ადგილობრივი წარმოების წახალისებით გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, ვიდრე ფინანსური რესურსი იგივე პროდუქტების შესაძენად, ქვეყნის გარეთ გავიდეს“, - უთხრა BM.GE-ის ალადაშვილმა.