მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუმს” კოხტა” სეზონურ ოპერირებაზე გადადის

6405a9f2927d2
ლიკა გურაბანიძე
06.03.23 13:06
7480
სასტუმრო “რუმს კოხტა” სეზონურ ოპერირებაზე გადადის, რაც ზამთრის გარდა სხვა სეზონებზე სასტუმროს დახურვას გულისხმობს. გადაწყვეტილების შესახებ “საქმიან დილაში” სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა აკაკი ჩხიკვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, “რუმს კოხტას” მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება სხვა სეზონებზე ბაკურიანის, როგორც მთის კურორტის არამოგებიანობიდან გამომდინარე მიიღო.

“ახალი წლის დაწყებასთან ერთად, ამ ეტაპზე მიღებული შედეგებით ჩვენი და ჩვენი სტუმრების მიერ გაზიარებული შთაბეჭდილებებით კმაყოფილები ვართ. თუმცა ჩვენი სირთულეები დატვირთულობის მიმართულებით მარტის შემდეგ იწყება, როდესაც უკვე ზამთრის სათხილამურო სეზონი სრულდება. ეს ის თვეებია, როდესაც ბაკურიანს შედარებით ნაკლები სტუმარი ჰყავს.

შესაბამისად “რუმს კოხტას” მენეჯმენტმა 2023 წლის ზამთრის დადგომამდე გადაწყვეტილება მიიღო, რომ სეზონურ ოპერირებაზე გადავიდეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მარტის ბოლოსკენ სასტუმრო დაიხურება და დეკემბერში, ზამთრის სეზონზე ახალი ძალებით გაიხსნება", - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

“რუმს კოხტას” GM-ის თქმით, ეს გადაწყვეტილება წელს დაიტესტება. მისივე თქმით, სასტუმროს ამ გადაწყვეტილებით შემოსავლები არ დააკლდება.

“ჩვენ პროცესების და მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით. ვნახავთ იმასაც, ამ ფორმით რა ტიპის შემოსავალს მივიღებთ. ეს გადაწყვეტილება რამდენად გაამართლებს, სამომავლოდ სწორედ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, დავრჩებით თუ არა ოპერირების ამ რეჟიმზე. ფულადი დანაკარგი დიდი არ იქნება, რადგან ის თვეები, როდესაც ჩვენ არ ვიოპერირებთ, ბაკურიანისთვის დატვირთული ისედაც არ არის. სეგმენტურად კი ეს პერიოდი ნაკლებ შემოსავლიანია. ბაკურიანში ზაფხულში ზამთრისგან განსხვავებული დაბალი საფასო პოლიტიკაა, რამაც ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება განაპირობა", - განაცხადა მან.