მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსები ავტომობილის გარდა საქართველოში შემოსვლას სხვა სატრანსპორტო საშუალებითაც შეძლებენ - RBC

6332a4060e222
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 11:37
789
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში წასვლას გეგმავენ, საზღვრის გადაკვეთას „ფეხითაც“ შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ RBC-ს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ჩრდილო ოსეთის სამმართველოში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პროცესების დაჩქარების მიზნით მიიღეს. მოგვიანებით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში განმარტეს, რომ საზღვარზე ფეხით გადასვლა თვითგორიებით, ველოსიპედებით და გადაადგილების მსგავსი საშუალებებით გადაკვეთას გულისხმობს.

„ჩვენ ხომ საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტი გვაქვს, შესაბამისად მათ უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალებები. ადამიანებმა გამშვები პუნქტების თავისებურებები უნდა გაითვალისწინონ, ანუ ისინი ქვეყნიდან გასვლას მოპედებით, სკუტერებით, ველოსიპედებით და სხვა საშუალებებით შეძლებენ“, - განაცხადეს ჩრდილო ოსეთის სამმართველოში და დასძინეს, რომ თუ ადამიანს არ აქვს ველოსიპედი, ან სხვა სატრანსპორტო საშუალება, „ფეხით“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლა შეუძლებელი იქნება.

ცნობისთვის, საქართველო-რუსეთის საზღვარზე კილომეტრიანი საცობი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. RBC-ს ცნობით, რუსეთის მოქალაქეები საზღვარზე ფეხითაც გადადიოდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს შესაძლებლობა შეიზღუდა. ადამიანებმა, რომლებმაც ცვლილებების შესახებ არ იცოდნენ, გამშვებ პუნქტთან ტაქსით მიდიოდნენ და უარის მიღების შემდეგ ავტომობილის მფლობელებს ფულს უხდიდნენ. მინიავტობუსების მძღოლები კი ყიდდნენ ადგილებს, გადაჰყავდათ ხალხი და უკან ბრუნდებოდნენ ახალი ჯგუფის გადასაყვანად. მანქანაში ადგილის საყიდად დაახლოებით მსურველებს 10 000 რუბლის გადახდა უწევდათ.

ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის ირბეკ ტომაევის ინფომრაციით, 26 სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 3.5 ათასი მსუბუქი ავტომობილი დგას. „ტრანზიტული ტრანსპორტის საერთო რაოდენობა კი 4 891 ერთეულს შეადგენს, მათ შორის 1 391 მოცულობითი ტვირთის გადამზიდი მანქანებია“, - განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით ჯამში 37.5 ათასმა ავტომობილმა და 115.2 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა, რაც გასული კვირის მონაცემებს 23.3%-ით აჭარბებს. საცობების პირობებში ჩრდილო ოსეთის ხელისუფლებამ რუსებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 26 სექტემბრის 6:00 საათისთვის რუსეთის საზღვარზე ყველაზე დიდი რიგები შემდეგ პუნქტებზე დაფიქსირდა:

• ზემო ლარსი (საქართველოს საზღვარი): 2 500 მანქანა
• კიახტა (მონღოლეთის საზღვარი): 85 მანქანა
• ბურაჩკი (ლატვიის საზღვარი): 70 მანქანა
• უბილინკა (ლატვიის საზღვარი): 60 მანქანა.

6 სასაზღვრო პუნქტზე ჩრდილო-დასავლეთის საბაჟო სამმართველოდან (ნორვეგიის, ფინეთის, ლატვიისა და ესტონეთის საზღვარზე) ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთიდან გამსვლელი რეკორდული რაოდენობის მსუბუქი ავტომობილია დაფიქსირებული:

• ტორფიანოვკა (ფინეთის საზღვარი): ბოლო დღე-ღამეში 1021-მა მანქანამ გადაკვეთა საზღვარი;
• ბრუსნიჩნოე (ფინეთის საზღვარი): 986-მა მანქანა;
• სვეტოგორსკი (ფინეთის საზღვარი): 852 მანქანა;
• ვიარტსილა (ფინეთის საზღვარი): 486 მანქანა;
• ბორისოგლებესკ (ნორვეგიის საზღვარი): 61 ავტომობილი;
• ლოტტა (ფინეთის საზღვარი): 29 ავტომობილი.