მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსები უკვე კლუბებს ქირაობენ. მომღერლებს ეპატიჟებიან...“ - ტურიზმის ანატომიის შეცვლის რისკები

64134da1e8864
თელარა გელანტია
16.03.23 22:00
1884
საერთაშორისო ვიზიტორების სტრუქტურის ცვლილების საფრთხე - ეს არის ერთ-ერთი რისკი, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში PMC-ის მიერ განხორციელებულმა ტურიზმის ღირებულებებათა ჯაჭვის კვლევამ აჩვენა. კერძოდ, ტურიზმის ინდუსტრიის ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მიგრანტებს, რომლებსაც თავისი ტურისტული ბიზნესი საქართველოში გადმოაქვთ, ორიენტაციას გააკეთებენ დსთ-ის ქვეყნებზე და ამით შეცვლიან ტურიზმის ანატომიას.

„რამდენად ხშირია რუსი მიგრანტების მიერ საქართველოში ტურისტული ბიზნესის დაწყება და რამდენად სერიოზულია რისკი ტურიზმის ანატომიის შეცვლის იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტურიზმის სტრატეგია მაღალშემოსავლიან ვიზიტორებზე ორიენტაციაა“? - ეს კითხვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანმა ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელს და სასტუმრო the 10-ის მფლობელ ნიკა მანჯგალაძეს დაუსვა.

„ტურისტულ ბაზარზე რომ შემოსულები არიან არა მხოლოდ რუსები, არამედ უკრაინელებიც, ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნაცნობი და გასაგებია. აქ უკვე რუსები კლუბებს ქირაობენ. მომღერლებს ეპატიჟებიან. შეიქმნა რაღაც მინი-დიასპორები, რომლებიც ყოველთვის იმუშავებენ თავისიანებისთვის და უკვე ძალიან ბევრნი არიან. აღსანიშნია ისიც, რომ ესენი არიან მხარჯველუნარიანი სეგმენტი, რომელთაც ჰქონდა საშუალება, რომ გადასულიყვნენ სხვა ქვეყანაში ისე, რომ სამსახური არ ჰქონოდათ ან არიან IT სპეციალისტები, რომლებიც ონლაინრეჟიმში აქედან მუშაობენ. მათ ჩვენი მომსახურება არაფერში სჭირდება. ამდნად, დიახ, ჩვენი კონკურენტები გახდებიან და არა მარტო ტურიზმში, არამედ ეკონომიკის ბევრ სხვა სფეროში“, - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.

ტურისტული კომპანიის მფლობელი ამ გამოწვევის საპასუხოდ „გონივრული და ზომიერი რეგულაციის“ საჭიროებას ხედავს.

„საქართველოში ხომ ტურიზმი არ მოექცა რეგულირების სფეროში. ეს დარგი მთელ მსოფლიოში რეგულირებულია. მხოლოდ საქართველოშია სრულად მიშვებული. 105 ლარად დაარეგისტრირებ კომპანიას, ყველას შეუძლია გახდეს გიდი და არავინ იცის, ის გიდი რა ისტორიას უყვება ტურისტს საქართველოს შესახებ და ა.შ. როგორც ვიცით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონის შექმნაზე მუშაობენ და იმედია, ისეთ კანონს მიიღებენ, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა მან.