მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსების დაახლოებით ნახევარი ბოლო თვეებში სტრესს განიცდის - Forbes

629472ba6ef44
მარიამ ადამია
31.05.22 00:30
1629
ანალიტიკური სააგენტო А2:Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, რუსების დაახლოებით ნახევარი, 42%, ბოლო თვეების განმავლობაში, უფრო მეტად შეშფოთებულია, ვიდრე ომამდე. გამოკითხვაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათი 42% - ყოველდღიურად განიცდის სტრესს, ხოლო 14% სამუშაო სივრცეში სირთულეებს ებრძვის. ინფორმაციას რუსული Forbes ავრცელებს. 

გამოკითხვის მონაწილეთა 52%-მა სტრესის მთავარ წყაროდ სამუშაო გარემო დაასახელა. შფოთვისა და ნერვიულობის სხვა მიზეზებს შორის ხვდება ნეგატიური ახალი ამბები, რომლის წილი, მთლიან რეიტინგში 35%-ია, 12% ოჯახურ პრობლემებს ასახელებს, 11% კი, გართულებულ ურთიერთობებს. კვლევის მონაწილეთა შორის ყველაზე ნაკლები სტრესი განათლებაზე და მეგობრებთან ურთიერთობაზე მოდის.

ანალიტიკოსების აზრით, სტრესის გამო, ყოველი მეოთხე რესპონდენტი დეპრესიას და აპათიას განიცდის. შედეგად ეს ყოველივე, ადამიანებისთვის ოჯახის წევრებსა თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძველი ხდება. გარდა ამისა, გამოკითხვის ყოველი მეხუთე მონაწილე ამბობს, რომ სტრესს გავლენა აქვს კოლეგებთან ურთიერთობაზე, გუნდურ მუშაობასა და ზოგადად სამუშაო გარემოზე. ასევე, კვლევის მიხედვით, არეულობისა და შფოთვის ფონზე, რესპონდენტებმა ჭარბი კვება დაიწყეს და ასევე მავნე ჩვევებიც გაუმძაფრდათ.

რესპონდენტთა 76%-მა თქვა, რომ მოგზაურობა მათ სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. კვლევის მონაწილეთა 38% უპირატესობას ანიჭებს ზღვისპირა დასვენებას, ხოლო გამოკითხულთა 17% მოგზაურობას სხვა ქალაქში ან მთაში ირჩევს. ემოციებთან გამკლავების სხვა გზებს შორის რესპონდენტებმა მუსიკის მოსმენა, კითხვა და ფილმების ყურება დაასახელეს. გარდა ამისა, რუსების 70% შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითაც. კვლევის მიხედვით, სტრესს ნაკლებად განიცდიან 18-24 წლის ახალგაზრდები, მამაკაცები, კარგი ფინანსური მდგომარეობის მქონე ადამიანები და უმაღლესი განათლების არმქონე გამოკითხულები.