მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსებს უყვართ ავტომობილით მოგზაურობა და ვინც აცრილია, უნდა შემოვუშვათ - ირაკლი უგულავა

608546101cef4
მარიამ ადამია
25.04.21 14:42
2737
გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი ირაკლი უგულავა ფიქრობს, რომ საქართველომ უცხოელი ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვარი უნდა გახსნას. რაც შეეხება ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას, როგორც მან “საქმიან დილაში“ სტუმრობისას თქვა, “დღეს დივერსიფიცირებაზე საუბარი იგივეა, რაც მომაკვდავი ადამიანი რომ ბრილიანტის ბეჭედზე ფიქრობდეს“.

„ჯერ უნდა გადავრჩეთ და მერე ვიფიქროთ განვითარებაზე და ამისთვის პირველ რიგში, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ჩვენი მხრიდან ჩაკეტილია, უნდა გაიხსნას. ძალიან ბევრი ვიზიტორი საქართველოში სწორედ სახმელეთო საზღვრიდან შემოდიოდა; რუსებს ისედაც უყვართ ავტომობილით მოგზაურობა და ვინც აცრილია, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა შემოვუშვათ. მართალია, ამ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ ცრიან და აძლევენ შესაბამის ცნობას; არ გამოვრიცხავ, იყოს ქრთამის აღების ფაქტებიც, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, - აცხადებს ირაკლი უგულავა.

რაც შეეხება მთავრობის მთავარ შეცდომებს კორონავირუსის პანდემიის მართვისას, გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი ვაქცინაციის დაბალ ტემპს და covid-შეზღუდვების პოლიტიკას გამოყოფს. „მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდულ რეალობაში ვცხოვრობთ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მაინც უარესდება“, - დასძინა მან.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია საქართველოში საჰაერო გზით შემოვიდეს.

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ქვეყნებიდან მოქალაქეებს უფლება აქვთ, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, შემოვიდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორები აუცილებლად ავიაგზით უნდა ჩამოვიდნენ.

ამასთან, მოქმედი წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც PCR ტესტით შემოდიან საქართველოში, საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯებით PCR-კვლევა უნდა ჩაიტარონ.