მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის მოვლენებს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზეც - პაპუნა ლეჟავა

61f181d84184b
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.22 22:30
976
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, 2022 წელს საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა მომეტებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე ხვდება. ლეჟავას განმარტებით, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული დაძაბულობა, ასევე რუსეთის მიმართ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესების ალბათობა რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს.

“გეოპოლიტიკური რისკები გამოიკვეთა, რუსეთ-უკრაინა, სანქციების მოლოდინი რუსეთზე და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, თურქეთში, უკრაინაში დაძაბულობა. ასევე ახალ შტამებთან დაკავშირებითაც არსებობს რისკები - ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია თუ შემდეგი ტალღა, ამას ვერ ვიტყვით, აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი, რამაც განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, პირველ რიგში, ინფლაცია, რაც სასაქონლო ბაზრების ფასების ზრდიდან გამომდინარეობს. თუ მომავალშიც გაგრძელდა ფასების ზრდა ნავთობზეც, ეს აისახება ჩვენ ეკონომიკაზე.

საქართველოს ეკონომიკამ გასულ წელს საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, გაიზარდა ტურიზმი წინა წელთან შედარებით, გაიზარდა ექსპორტიც და ეს ყველაფერი ეხმარება ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში და ლარის სტაბილურობას.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, აქამდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო თურქეთი, რასაც დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით; დაახლოებით, 80%-ით გაუფასურდა თურქული ლირა ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ გაუფასურებას მოჰყვა თურქული პროდუქციის გაძვირებაც ანუ ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო თურქეთში, შესაბამისად, ქართულ პროდუქციასთან მიმართებით ის ბევრად არ გაიაფებულა, ამიტომ სავაჭრო ბალანსზე მან დიდი ასახვა არ ჰპოვა.

რუსეთ-უკრაინის მოვლენებს რაც შეეხება, ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ჩვენზე. რისკები, რა თქმა უნდა, გაზრდილია რეგიონში,” - განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში პაპუნა ლეჟავამ.

25 იანვარს ეროვნული ვალუტა ბოლო 500 დღის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა და ერთი დოლარის საფასური 3.07 ლარი გახდა. პარალელურად, უფასურდება რუსული რუბლი - ერთი დოლარი უკვე 79 რუბლი ღირს, რაც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ მაქსიმალური ღირებულებაა.

ბოლო თვეების განმავლობაში გაუფასურების ტრენდი აქვს უკრაინულ გრივნასაც; ამჟამად ერთი დოლარი 28.8 გრივნა ღირს, ერთი თვის წინ კი მისი საფასური 27.3 გრივნა იყო.