მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომმა ტურისტული ვიზიტები, ძირითადად, EU-ს ქვეყნებიდან შეანელა - Galt & Taggart

632d7f24988b2
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.22 13:37
766
ტურიზმის სექტორის აღდგენა მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრებზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე საქართველოში, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტია - ამის შესახებ "გალტ & თაგარტის" ტურიზმის სექტორის ძირითად მიგნებებშია ნათქვამი.

საინვესტიციო ბანკი “გალტ & თაგარტი” განახლებული კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ტურისტული ვიზიტები განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებიდან შეანელა.

ტურიზმში არსებულ ტენდენციებსა და აღდგენის დინამიკაზე “გალტ & თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გარდა, რეგიონში შექმნილი რთული მდგომარეობა ტურიზმის მაჩვენებელზე დიდ გავლენას ახდენს.

„იანვარ-თებერვალში ტურიზმის აღდგენის ტემპის დაჩქარების შემდეგ, მარტ-აპრილში აღდგენა შენელდა. თუ წლის პირველ პირველ ორ თვეში აღდგენა 55%-იანი იყო, ეს დინამიკა ნეგატიური გახდა და 45-50% იყო. ამის შემდეგ დადებით დინამიკას კვლავ დავუბრუნდით და ზაფხულში ტურისტული ვიზიტების აღდგენა 80%-ს აჭარბებს. თუმცა ჩვენი აზრით, აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი ყველა რიცხვი იმაზე მაღალი მაღალი იქნებოდა, ვიდრე არის: პირველი - უკრაინა როგორც ტურისტული ბაზარი ჩვენთვის აბსოლუტურად გაქრა; მეორე - ჩვენი რეგიონი უფრო მაღალი საფრთხისშემცველი განსაკუთრებით დასავლელი, ანუ ევროკავშირელი ვიზიტორებისთვის გახდა. ადამიანები აღმოსავლეთით - კონფლიქტის ზონის მიმართულებით გადაფრენას ერიდებიან. ამ პერიოდის განმავლობაში ჯგუფური ტურების გაუქმების შემთხვევები ფიქსირდებოდა, რა დროსაც ხშირად ასაკოვანი ადამიანები მოგზაურობენ.

რადგან აღდგენის მაჩვენებლები მზარდია, ჩვენ შეიძლება ვერ ვიგრძნოთ რუსეთ-უკრაინის ომს რაიმე ეფექტი, მაგრამ მას ყველა შემთხვევაში აქვს გავლენა. გარდა რუსეთ-უკრაინის ომის, რეგიონში სხვა გეოპოლიტიკური რისკებიც არის, მაგალითად სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ასევე შუა აზიაში ტაჯიკეთ-ყირგიზეთში არსებული ვითარება“, - განმარტა კახა სამყურაშვილმა.

„გალტ & თაგარტის“ ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა 2022 წლის მაისიდან, მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პირველი ეფექტები შემსუბუქდა. აღსანიშნია, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან აღდგენა განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს, რაც გახშირებული საჰაერო მიმოსვლის დამსახურებაა.
ამასთან, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მიგრანტების ეფექტის, ინფლაციის და ვიზიტორების სტრუქტურის ცვლილების გამო უფრო სწრაფად აღდგა ვიდრე ტურისტული ვიზიტები. შედეგად, საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პანდემიამდე დონეს 2022 წლის ივლისიდან გადააჭარბა. „გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების სრული აღდგენა, ხოლო 2023 წელს 10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.