მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ბელარუსს Iskander-M-ის ბირთვულ სარაკეტო სისტემას ჰპირდება - BBC

62b816c31aaa2
თათია კაკიაშვილი
26.06.22 12:47
1436
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უახლოეს თვეებში რუსეთი მოკავშირე ბელარუსს ბირთვული უნარების მქონე მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, Iskander-M-ს როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ტიპის ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გასროლა შეუძლია და მათ სისტემებს 500 კმ-მდე დიაპაზონი აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ, პუტინმა ატომურ იარაღზე რამდენიმე მინიშნება გააკეთა, რაც შეფასდა, როგორც “დასავლეთის ქვეყნების გაფრთხილება, რათა ისინი [ომში] არ ჩაერიონ”.

ამასთან, პეტერბურგში სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა ლუკაშენკოს კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსს SU-25 საბრძოლო თვითმფრინავების შეცვლაში დაეხმარება, რათა მათ ბირთვული იარაღის ტარება შეეძლოთ.  

ცნობისთვის, შაბათს უკრაინამ განაცხადა, რომ რამდენიმე კვირიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთის მთავარი ქალაქი სევეროდონეცკი "სრულად დაიკავეს". ქალაქის აღება კი ნიშნავს, რომ რუსეთი ახლა თითქმის მთელ ლუგანსკის რეგიონს და მეზობელ დონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებს, რომლებიც უზარმაზარ ინდუსტრიულ დონბასს ქმნიან.

შაბათს, გვიან საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში პირობა დადო, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა ქალაქს დაიბრუნებს; თუმცა მანვე დასძინა, რომ რუსეთთან ომი ემოციურად რთულ ეტაპზე გადავიდა და “არ იცის, კიდევ რამდენი დარტყმა და დანაკარგი იქნება”.

პარასკევს ღამით რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე ობიექტებზე რაკეტების ნაკადი გაუშვა. შედეგად, კიევის დასავლეთით მდებარე ქალაქ სარნიში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და უცნობია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევებში იყვნენ მოყოლილები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სახელისუფლებო წარმომადგენლები ავრცელებენ.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ზოგიერთი რაკეტა ბელარუსიდან იყო გასროლილი. ცნობისთვის, ბელარუსი რუსეთს ლოგისტიკურ დახმარებას უწევს, მაგრამ მისი არმია კონფლიქტში ოფიციალურად არ მონაწილეობს. უკრაინის სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, სარაკეტო დარტყმები კრემლის მიერ ბელარუსის ომში ჩათრევის მცდელობის ნაწილი იყო.

საგულისხმოა, რომ რუსეთმა სევეროდონეცკი დასავლური დიპლომატების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე აიღო, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გერმანიაში G7 სამიტზე გამგზავრებამდე, რასაც ნატოს მოლაპარაკებები უნდა მოჰყვეს. მართალია, ბოლო თვეებში დასავლურმა ალიანსმა დაძაბულობისა და დაღლილობის ნიშნები აჩვენა, თუმცა შაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ბრძოლა რუსეთთან.

“ახლა დანებების დრო არ არის, უკრაინა!” - განაცხადა ჯონსონმა.

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო კი, რომელიც G7-ს უნდა დაესწროს, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდებს, დიალოგი განაახლონ.

”ომი უნდა შეწყდეს და გლობალური კვების ჯაჭვები ხელახლა უნდა გააქტიურდეს,” - თქვა მან.