მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, დღეიდან ხორბლის საექსპორტო ბაჟს $131.6-მდე ზრდის

62ab2ebaefa56
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 17:40
1424
რუსეთი, დღეიდან, 16 ივნისიდან, 1 ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადს 129.2 დოლარიდან 131.6 დოლარამდე ზრდის. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ხორბალთან ერთად საექსპორტო გადასახადი 1 ტონა ქერზე - 76.5 დოლარიდან 92.8 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 78.7-დან 84 დოლარამდე გაიზრდება. აღნიშნული გადასახადი 21 ივნისამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 386 დოლარს (1 კვირით ადრე 383.4 დოლარი), ქერზე - 317.6 დოლარს (1 კვირით ადრე 294.3 დოლარი), სიმინდზე კი 305.5 დოლარს (1 კვირით ადრე 297.5 დოლარს) შეადგენს.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება. მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმიც აამოქმედა, რომელიც 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 მლნ ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 მლნ ტონა იყო, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო.

ცნობისთვის: საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის შესაძენად 93.4 მლნ დოლარი გავიდა, საიდანაც 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი). რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-აპრილის მონაცემებით, ხორბლის იმპორტის ღირებულება თითქმის განახევრებულია, მოცულობა კი სამჯერ შემცირდა. ამ პერიოდში საქართველოში 13.5 მლნ დოლარის ღირებულების 41 689 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა (2021 წლის 4 თვე - 28.6 მლნ დოლარი, 121 336 ტონა). მთლიანი ხორბლის იმპორტიდან 11.8 მლნ დოლარის ღირებულების 35 365 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.