მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევროპის სამი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წევრებს სამშობლოში აგზავნის

6284f8a8808ef
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.22 19:54
819
მოსკოვი ესპანეთის, საფრანგეთის და იტალიის მიერ რუსი დიპლომატების სამშობლოში დაბრუნების საპასუხოდ, რუსეთში ამავე ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებს თავის ქვეყნებში გააგზავნის. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"18 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოსკოვში ესპანეთის ელჩი მარკოს გომეს მარტინესი იყო გამოძახებული. რუსულმა მხარემ მას ოფიციალური მადრიდის მიერ რუსეთის 27 დიპლომატის ესპანეთში persona non grata-დ გამოცხადების შესახებ პროტესტი განუცხადა. აღინიშნა, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯი რუსეთ-ესპანეთის კავშირზე უარყოფითად აისახება.

ამასთან, საპასუხო ზომის ფარგლებში რუსეთმა, მოსკოვში ესპანეთის საელჩოს და სანკტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს 27 თანამშრომელი persona non grata-და გამოაცხადა. მათ ქვეყნის დატოვება, ელჩისთვის შესაბამისი ცნობის გადაცემის შემდეგ, 7 დღის განმავლობაში მოუწევთ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში, ანალოგიურად რუსეთში საფრანგეთის ელჩი პიერ ლევიც დაიბარეს და საფრანგეთში 41 რუსი დიპლომატის persona non grata-დ გამოცხადების შესახებ ცნობა წარუდგინეს. "საპასუხო ზომის სახით, რუსეთი ქვეყანაში საფრანგეთის საელჩოს 34 თანამშრომელს persona non grata-დ აცხადებს. მათ ქვეყანა, ელჩისთვის აღნიშნული ცნობის გადაცემიდან, 2 კვირაში უნდა დატოვონ“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მესამე ქვეყანა, რომლის დიპლომატებსაც ქვეყნიდან გააძევებენ იტალიაა. შედეგად, რუსეთი მოსკოვში იტალიის საელჩოს 24 თანამშრომელს სამშობლოში დააბრუნებს. ამის შესახებ რუსულ გამოცემა TASS-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განუცხადა. მისივე ცნობით, მოსკოვში იტალიის ელჩი უწყებაში დღეს დაიბარეს.