16.აგვისტო .2019 18:00

რუსეთი, ირანი და ლარის გაუფასურება - მიზეზები, რის გამოც ივლისში ტურიზმის შემოსავალმა იკლო

views 364
უკან

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის შემოსავლების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. მიმდინარე მაკროეკონომიკური ანგარიშის დოკუმენტის მიხედვით, ტურისტულმა ინდუსტრიამ $374.7 მილიონის შემოსავალი დააგენერირა, რაც $57.8 მილიონით, ანუ 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

BMG ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკის მეთოდოლოგიის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს ესაუბრა. სებ-ის განმარტებით, ისინი ტურიზმის შემოსავლებს მრავალ პარამეტრზე დაყრდნობით ანგარიშობენ, მათ შორისაა ისიც, თუ რომელი საზღვრიდან შემოდიან ვიზიტორები - როგორც სებ-ის კვლევა აჩვენებს, საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორები გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ისინი, ვინც ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდიან, ამასთანავე, საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავენ ის ადამიანები, ვინც საქართველოში დასავლეთ ევროპიდან შემოდის, ვიდრე ისინი, ვინც მეზობელი ქვეყნებიდან მოგზაურობენ.

შესაბამისად, მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულად ტურისტული სექტორის შემოსავლების ზრდად არ ითარგმნება. შესაძლოა, ვიზიტორთა რაოდენობა მცირდებოდეს, მაგრამ შემოსავალი იზრდებოდეს და პირიქით. 

როგორც ახალი ანგარიში აჩვენებს, 2019 წლის ივლისში სწორედ ასეთი ვითარება შეიქმნა, რადგან ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 5.8%-ით მოიმატა და 1,099,474 შეადგინა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი, 1%-ით 570,482 ტურისტამდე გაიზარდა. თუმცა, სებ-ის წინასწარი კალკულაციით, სექტორის შემოსავალი შემცირდა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აღნიშნული სტატისტიკის წარმოებას უკავშირება არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დათვლისთის იყენებს საზღვრის კვეთის რაოდენობას რაც პერიოდის (თვის) განმავლობაში ვიზიტორების შემოსვლას ასახავს, ხოლო ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკა კი არა შემოსული ვიზიტორების, არამედ გასული ვიზიტორების სტატისტიკას ასახავს. როგორც სებ-ში განგვიცხადეს, რუსული ავია-სანქციების ნეგატიური გავლენა უფრო უკეთ შემომსვლელი ვიზიტორების რაოდენობაზე აისახა. 

იმ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რომლითაც სებ-ი აღნიშნულ სტატისტიკას ზომავს, ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლის შემცირებაზე რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა იქონია გავლენა. მათ შორის ნომერ პირველი იყო რუსეთის მიერ დაწესებული ავია-სანქციები. სებ-ის კალკულაციით, წინა წელთან შედარებით, ტურიზმის სექტორმა  რუსეთიდან $44 მილიონით ნაკლებით მიიღო, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ირანიდან ვიზიტორთა ნაკადის ვარდნა იყო. 2018 წლის ივლისთან შედარებით, $25 მილიონით შემცირდა, რაც მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან $69-მილიონიან შემცირებას ნიშნავს, თუმცა, ეს შემცირება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან არსებული ზრდით დაბალანსდა, რის შედეგადაც, დანაკლისი $69 მილიონის ნაცვლად, $57 მილიონამდე შემცირდა. 

ლარის გაუფასურება როგორც ტურისტული შემოსავლის კლების ერთ-ერთი მიზეზი

2018 წლის ივლისში ერთი დოლარი 2.45 ლარი ღირდა, დღეს კი ერთი დოლარის ღირებულება 2.92-ს შეადგენს. შესაბამისად, ერთი წლის წინ უცხოელებისთვის საქართველოში სერვისისა და პროდუქციის შეძენა ფარდობითად უფრო ძვირი ღირდა, რადგანაც თითოეული დოლარით მათ უფრო ნაკლები ლარი მოსდიოდათ, გაუფასურების შედეგად კი მათი მსყიდველუნარიანობა გაიზარდა, რის გამოც ახლა მათ იგივე სერვისის შეძენა უფრო ნაკლებ დოლარად შეუძლიათ. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აბსოლუტურ რიცხვებში ტურისტული შემოსავალი შემცირდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა