მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, ისრაელი, ირანი, გერმანია, აშშ... - რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას?

642d27f954b0e
თათია ჩაფიჩაძე
09.04.23 13:55
3220
„თიბისი კაპიტალის“ ასოცირებული მკვლევარის გიორგი მჟავანაძის ინფორმაციით, 2022 წელს გაყიდული ბინების მეხუთედი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდიოდა. როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, ზრდა 2019 წელთან შედარებით 2%-ია.

თბილისში გაყიდული ბინების 5%, ხოლო ბათუმში 20% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მეორე ადგილზე დედაქალაქში 1%-იანი მაჩვენებლით ირანის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ჯამურად 1000-მდე ბინა იყიდეს.

ბათუმსა და თბილისში მდებარე უძრავი ქონების მიმართ ინტერესი ისრაელის, პოლონეთის, გერმანიისა და აშშ-ს მოქალაქეების მხრიდანაც იზრდება.

„2022 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების წილი სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით ყველაზე დიდია - თბილისში 5%-მდეა, ბათუმში კი 20%-ს აღწევს. აღსანიშნია, რომ თბილისსა და ბათუმში ვინც უძრავ ქონებას ყიდულობს, მათ შორის არის ისრაელი, ირანი, გერმანია, აშშ და პოლონეთი. საკმაოდ დიდი წილი აქვს ისრაელს, რომელიც თბილისში გაყიდვებით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის მესამე ადგილზეა, უძრავი ქონების გაყიდვებით მეორე ადგილს ბათუმში. აღსანიშნია, რომ ზღვისპირა ქალაქში ბინებს უკრაინის მოქალაქეებიც აქტიურად ყიდულობენ.

ორივე ქალაქში უპირობო ლიდერი რუსეთია. 2022 წელს, თბილისში რუსეთის მოქალაქეებმა დაახლოებით 2000 ბინა შეიძინეს, ბათუმში კი 3000-მდე. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ ირანს თბილისში, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა 1 000 ბინაზე ნაკლები იყიდეს, რაც მთლიანი ბაზარის დაახლოებით 1%-ია. ასევე 1%-ის ფარგლებშია უკრაინის მოქალაქეების მიერ შეძენილი ბინების წილი ბათუმში. შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა დიდია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წელს საქართველოში გაყიდული ბინების 20% უცხოელებზე მოდის, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, ზრდა არა მხოლოდ პანდემიურ წლებთან შედარებით არის, არამედ 2019 წელთან შედარებითაც, როცა უცხოელებზე გაყიდვების 18% მოდიოდა. რუსების შემთხვევაში 2019 წელთან შედარებით თბილისში ნაყიდი ბინების თვალსაზრისით გაორმაგება გვაქვს და ბათუმში კი გასამმაგება. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს - პოლონეთს და გერმანიას, აქ 2019 წელთან შედარებით ზრდა 20-30%-იანი გვაქვს“, - განაცხადა მჟავანაძემ.