მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმს აამოქმედებს

620b7e7113c62
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.22 23:40
1987
რუსეთი, 15 თებერვლიდან, მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმს აამოქმედებს. საექსპორტო კვოტის მოცულობა 11 მლნ ტონით განისაზღვრება, აქედან 8 მლნ ტონა ხორბალზე მოდის. ინფორმაციას რუსული გამოცემები აქვეყნებენ. აღნიშნულ ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა 2021 წლის ბოლოს მოაწერა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანების მიხედვით, კვოტები 206 კომპანიაზეა განაწილებული, ამასთან ხორბლის ექსპორტზე ნებართვა 164 კომპანიამ მიიღო, ხოლო სიმინდის და ქერის ექსპორტზე - 176 კომპანიამ. ექსპორტიორთა უმრავლესობამ კვოტები როგორც ხორბალზე, ასევე სხვა მარცვლეულზე მიიღეს.

გამოცემის ცნობით, კვოტები ისტორიული პრინციპის მიხედვით ნაწილდება, ამიტომ უფრო მეტი მოცულობები მარცვლეულის წამყვანმა ექსპორტიორებმა მიიღეს. კვოტირების მექანიზმი 30 ივნისამდე იმოქმედებს. მის ფარგლებში მარცვლეულის ექსპორტი ბაჟით დაიბეგრება.

აღსანიშნია, რომ 16 თებერვლიდან რუსეთი, ხორბლის საექსპორტო გადასახადს 92.8 დოლარიდან 93.2 დოლარამდე ამცირებს. საექსპორტო ბაჟი 22 თებერვლამდე იმოქმედებს.

ხორბალთან ერთად საექსპორტო გადასახადი 1 ტონა ქერზე - 73.3 დოლარიდან 74.1 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე არსებულ ნიშნულზე 52.7 დოლარზე შენარჩუნდება.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე - 332.7 დოლარი(1 კვირით ადრე 333.2 დოლარს), ქერზე - 290.9 დოლარს (1 კვირით ადრე 289.8 დოლარი), სიმინდზე კი 260.3 დოლარს (1 კვირით ადრე 260.4 დოლარს) შეადგენს.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 მლნ ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 მლნ ტონა იყო, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო.

საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის იმპორტისთვის 93.4 მლნ დოლარი გავიდა, საიდანაც 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი).