მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე კვოტირების დაწესებას გეგმავს

6244407006479
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 16:30
969
რუსეთის საბაჟო ქვეკომისიამ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის კვოტირების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული– ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა დუმაში აგრარული საკითხების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. წერს Interfax-ი.

„მზესუმზირის ზეთთან მიმართებით ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს. მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ზეთისა და შროტის ექსპორტის კვოტირების ჩათვლით, დამატებითი ზომები შევიმუშავეთ. უახლოეს პერიოდში მთავრობის დადგენილების შესაბამისი პროექტი შემუშავდება“, - განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისი სიტყვებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საბაჟო-სატარიფო რეგულირების კომისიამ მხარი დაუჭირა. „ამიტომ რუსეთის მთავრობისგან შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ველოდებით“, - თქვა მან.

Interfax-ის ცნობით, მზესუმზირის ზეთზე დაწესებულმა კვოტამ შესაძლოა 1.5 მლნ ტონა შეადგინოს. ზეთებისა და ცხიმების კავშირში განაცხადეს, რომ რეგულაცია, შესაძლოა 15 აპრილიდან ამოქმედდეს. სხვა წყაროები შეზღუდვის ამოქმედების დროდ 1 აპრილს აცხადებდნენ.

ცნობისთვის, საქართველომ 2021 წელს 48.3 მლნ დოლარის ღირებულების 32 570 ტონა მზესუმზირის ზეთის იმპორტი განახორციელა. აქედან რუსეთიდან იმპორტირებული 28 350 ტონა ზეთის ღირებულებამ 41.6 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ზეთის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ სულ 2.9 მლნ დოლარის 1 914 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. (2021 წლის იანვარ-თებერვალი - 5.6 მლნ დოლარი, 4 210 ტონა). ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია (2.2 მლნ დოლარი, 1 469 ტონა).