მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საექსპორტო ბაჟის გაზრდასა და ხორბლის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს

618cc83e83fa5
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.21 12:15
942
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა მარცვლეულის ექსპორტისას დადგენილი მცურავი ბაჟის ფორმულას გადახედოს და გაზარდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხორბალზე საერთაშორისო ფასები ზრდას გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Interfax ავრცელებს.

„საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში - ვთქვათ, 1 ტონაზე 400 დოლარამდე და უფრო მეტი - მცურავი საექსპორტო ბაჟის ფორმულის გაანგარიშებას ზრდის მიმართულებით განვიხილავთ“, - განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

დღეისთვის რუსეთიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი 1 ტონაზე 69.9 დოლარს შეადგენს. 

„შიდა ბაზრის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად 2022 წლის პირველ ნახევარში მარცვლეული კულტურების ექსპორტზე კვოტების დაწესება იგეგმება, რომლის ფარგლებში ხორბლის საექსპორტო კვოტები ცალკეა განსაზღვრული. კვოტების მოცულობები წლის ბოლოს მოსავლის მოცულობების დაზუსტებისა და სოფლის სამეურნეო წლის პირველი ნახევრის საექსპორტო ტემპების გათვალისწინებით შემუშავდება“, - განმარტა მან.

მარცვლეულის ექსპორტიორების კავშირის ხელმძღვანელი ედუარდ ზერნინი პროგნოზირებს, რომ მოსავლიანობის პროგნოზები შემცირდეს, რაც ფასების მატებას გამოიწვევს.

“სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისისა და საერთაშორისო ბაზარზე მინერალური სასუქების მოცულობის შემცირების პირობებში, სოფლის მეუნეობის ექსპორტიორი ქვეყნები მოსავლიანობის პროგნოზებს შემცირების მიმართულებით გადახედავენ, რაც ძირითად საკვები პროდუქტებზე, მათ შორის მარცვლეულზე საერთაშორისო ფასების ზრდამდე მიგვიყვანს.

რაც შეეხევა კვოტირების საკითხის შემოღებას, მის ამოქმედებას თებერვლის შუა რიცხვებზე ადრე არ ველით“, - განაცხადა მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის: რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც გულისხმობს მცურავი ბაჟის გადახდას ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტისას, რომელიც საფასო ინდიკატორების გათვალისწინების დგინდება.

საქართველოსთვის მარცვლეული კულტურების, კონკრეტულად კი ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. ქვეყანაში მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15.6%-ით შემცირდა და შემოსული 282 866.82 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67.8 მლნ დოლარი შეადგინა. ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 16 430.9 ტონა ფქვილის შესაძენად ქვეყნიდან 4.9 მლნ დოლარი გავიდა. შესაბამისად, იმპორტი 115.5%-ითაა გაზრდილი. ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია, თუმცა ამ პროდუქტთან მიმართებით რუსეთში საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ არის.