მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას გეგმავს - შეიქმნება თუ არა საქართველოში დეფიციტი?

5f983dbfa6308
ელენე გოგბერაშვილი
28.10.20 10:15
1658
საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად რუსულ ხორბალს მოიხმარს. იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე და მათ შორის რეგიონში ხორბალზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც მათ შორის განპირობებულია იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების მხრიდან მარაგების შექმნის გააქტიურებით, რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას განიხილავს.

„რუსეთმა უკვე დაანონსა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან ის კვოტირების მექანიზმს 6 თვით ისევ აამუშავებს, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის ვითარებაში ქვეყნები ცდილობენ მეტი მარაგი დაიტოვონ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვს ხორბალი, პირიქით - მეტი მარაგი შეიქმნან. ეს იწვევს დაძაბულობას მსოფლიო ბაზრებზე. მათ შორის სერიოზული ტენდერებია გამოცხადებული და თუ შევხედავთ ანალიტიკას, ყველა ქვეყანა საშუალოდ 30%-ით ზრდის თავის მარაგებს.

ბოლო სამი წელი რუსეთზე ვართ დამოკიდებული. 104 ქვეყანაა დამოკიდებული რუსეთზე. დღეს კონკურენტული ფასი რუსეთს აქვს სხვებთან შედარებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თუ რუსეთმა კვოტირება შემოიღო, ბაზრები თავისუფალია. გვაქვს წვდომა უკრაინის, ყაზახეთის, ევროკავშირის ბაზრებთან, თუმცა ყველა ამ ბაზარზე ფასი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის და სწორედ ამიტომ ხდება რუსეთიდან შემოტანა, რადგან ლოგისტიკა უფრო იაფია“, - აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

თავის მხრივ, ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვოტების დაწესების თემას რუსეთი სპეკულაციის მიზნით იყენებს და მიუხედავად ამ განაცხადისა, ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნება და საქართველოს შეუძლია სტრატეგიული პროდუქტის იმპორტი სხვა ბაზრებიდან განახორციელოს, თუმცა ამასაც გარკვეული ფასი ექნება.

„გამოვრიცხავთ დეფიციტს ხორბლის ბაზარზე, რადგან დიდი მოსავალია მწარმოებელ ქვეყნებში და მათსავე ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტი ხორბალი გაყიდონ. რუსეთის ხრიკი, რომელსაც კვოტირების დაწესება ჰქვია, ეს არის მუდმივმოქმედი თემა, ის ყოველ წელს ამ თემით მანიპულირებს. კვოტები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს დეფიციტს და არ გამოწვევს ფასების ზრდას. დეკემბერში ველოდებით 27 ათას ტონა ხორბალს, რომელიც შემოვა ალტერნატიული ბაზრიდან. ანუ თავისუფალ ბაზარზე შეძენა პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, დეფიციტი არ შეიქმნება, თუნდაც აკრძალოს რუსეთმა და კვოტირება გააკეთოს. შესაძლებელია სხვა ქვეყნებში მოხდეს შესყიდვა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასით, მაგრამ ტრანსპორტირების ფასთაშორისი სხვაობის გამო ეს ჩვენთვის ხორბალზე ფასის ზრდას გამოიწვევს“, - აცხადებს ქეთევან კუბლაშვილი.