მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე კვოტირება, საგადასახადო შეღავათები - რაზე მსჯელობს უწყებათაშორისი ჯგუფი?

614de8406545d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 19:23
1571
ხორბლის იმპორტიორები და წისქვილკომბინატები დარგში არსებულ ახალ გამოწვევაზე ალაპარაკდნენ. საქმე ისაა, რომ რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე განსხვავებული საგადასახადო ტარიფები მოქმედებს - ხორბლის იმპორტი ბევრად ძვირი ჯდება, ფქვილზე ბაჟი კი განულებულია. სწორედ ამის გამო მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში მკვეთრად გაზრდილია ფქვილის იმპორტი, რამაც ფქვილის ადგილობრივი მწარმოებლები დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა. რუსეთში არსებული განსხვავებული საგადასახადო მიდგომების "დაბალანსების" მიზნით ხორბლის იმპორტიორები და წისქვილკომბინატები საქართველოს მთავრობას საგადასახადო შეღავათების დაწესებას სთავაზობენ.

BM.GE-მ სოფლის მეურნეობის მინისტრს დარგში არსებული პრობლემების შესახებ კითხვით მიმართა და დაინტერესდა შესაძლებელი იყო თუ არა საგადასახადო შეღავათების დაწესება წისქვილკომბინატებისთვის. ლევან დავითაშვილი ხორბლის იმპორტისა და გადამუშავების დარგში არსებულ გამოწვევებს არ უარყოფს და აცხადებს: „გავაგრძელებთ კომუნიკაციას და ამ დარგს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევუწყობთ ხელს იმგვარად, რამდენადაც ეს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებში შედის. ასევე დაცული იქნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპები“.

რა შეღავათები შეიძლება დაწესდეს სექტორისთვის და არის თუ არა მდგომარეობიდან გამოსავალი - ამ კითხვებით BM.GE-მ ხორბლის საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას მიმართა.

მისი ინფორმაციით, დარგის ჩართულობითა და მოთხოვნით გამოწვევების დაძლევის მიზნით უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებისა და რუსეთიდან ფქვილის კვოტირების დაწესებას განიხილავს. ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაახლოებით 20 დღეა რაც დაიწყო და იმისთვის, ქვეყანა ხორბლის იმპორტისა და წისქვილკომბინატების ნაწილის დახურვის პრობლემის წინაშე არ დადგეს, სავარაუდოდ გადაწყვეტილებები ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა გაცხადდეს.

„წლების განმავლობაში სექტორს საგადასახადო შეღავათები და სატარიფო კვოტები არ სჭირდებოდა, თუმცა რადგან ახლა ახალი გამოწვევები გაჩნდა, საუბარი მიდის უკვე ან საგადასახადო ღონისძიებების გატარებაზე, ან სატარიფო კვოტებზე, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული რაოდენობის ფქვილი, რომელიც არ დააზიანებს სასურსათო უსაფრთხოებას, რუსეთიდან სატარიფო კვოტით შემოვიდეს, როგორც ეს მაგალითად ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით უკრაინასთან აქვს, როდესაც ნულოვანი დაბეგვრით უკრაინამ შეიძლება მილიონი ტონა შეიტანოს, ხოლო ამის შემდეგ დაიბეგროს.

ამიტომ ჩვენ სამ მინისტრს - ეკონომიკის მინისტრს, ფინანსთა მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს - სამუშაო ფორმატი ვთხოვეთ, რომელიც მოადგილეების დონეზე შეიქმნა. საერთაშორისო ვაჭრობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო მიმართულება - ფინანსთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგს საკითხების გადაჭრაში ისედაც გვეხმარება.

საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი მუშაობის პროცესში სირთულეებს აწყდება, რადგან საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გვაქვს ქვეყნებთან, თუმცა გადაწყვეტის გზები უნდა მივიღოთ.

ჩვენ გვინდა ბაზარზე სწორი კონკურენციის გარემო იყოს შექმნილი, რაც ნიშნავს, რომ ხორბლის და ფქვილის იმპორტი დაახლოებით ერთსა და იმავე საგადასახადო რეჟიმში იყოს.

თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაონ, ისე როგორც მუშაობენ, ცხადია, საგადასახადო რეჟიმები ან ბაზარზე შიდა წახალისების ფორმები უნდა ამუშავდეს, იმისთვის, რომ ხორბლის და ფქვილის იმპორტის პირობები გათანაბრდეს. თუ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს, ეს ხორბლის და ფქვილის ფასებს შორის უფრო დიდ ჩავარდნას გამოიწვევს, შესაბამისად, წისქვილების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გაჩერდეს“, - განმარტა ლევან სილაგავამ.