მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთიდან საქართველოში ოფისის გადმოტანა 4 საერთაშორისო კომპანიას სურს ” - RENTALS

6230a35607023
ანუკა ჯოხაძე
16.03.22 00:00
6665
მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს, საქართველოთი დაინტერესდნენ. შესაბამისად, კომერციულ ფართებზე დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა.

ამას ადასტურებენ უძრავი ქონების სააგენტოები, რომლებიც ამბობენ, რომ მოთხოვნა ძირითადად არა რუსული კომპანიების, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის მხრიდანაა გაზრდილი, რომლებსაც რუსეთის ბაზრის დატოვება სანქციების გამო მოუწიათ.

კომპანია RENTALS-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი ამბობს, რომ მათ კომპანიას უკვე მიმართა ოთხმა საერთაშორისო კომპანიამ, რომელთაც სურვილი აქვთ ოფისი რუსეთიდან საქართველოში გადმოიტანონ. მისივე თქმით, ძირითადი მოთხოვნა არა ბიზნესცენტრებზე, არამედ საერთო სამუშაო სივრცეებზეა.

“კონკრეტულად ჩვენს კომპანიას ოთხმა ბიზნესმა მიმართა, არცერთი მათგანი არ არის რუსული კომპანია, მაგრამ მათი ოფისები იყო რუსეთში. ესენია ამერიკული, შვეიცარიული და ფრანგული კომპანიები. მათი ოფისები იხურება რუსეთში და აქვთ სურვილი, რომ გადმოვიდნენ საქართველოში. ამაში თავისთავად ცუდს ვერაფერს ვხედავთ, პირიქით ასეთ ტენდენციას ხელი უნდა შევუწყოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ. ჩამომსვლელების რაოდენობა გაზრდილია, მათ ჯერ მოთხოვნა არ აქვთ ბიზნესცენტრებზე. მათ ინტერესი აქვთ საერთო სამუშაო სივრცეებზე", - აცხადებს კომპანია RENTALS-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი.

RENTALS-ის მმართველი პარტნიორი BM.GE-თან ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ მოთხოვნის მასშტაბური ზრდა ამ ეტაპზე კომერციულ ფართებზე არ ფიქსირდება, თუმცა მისი თქმით, საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც ოფისები რუსეთიდან საქართველოში გადმოაქვთ, საცხოვრებელ ფართებს კომპანიაში დასაქმებულებისთვის უკვე ეძებენ. ზურა ერისთავის თქმით, სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს ქვეყანაში რა ტიპის კომპანიები უნდა შემოვიდნენ და რა ტიპის არა.

“თუ საზღვარი ღიაა, ასეთი კომპანიები მოდიან, 1 დღეში არეგისტრირებენ ბიზნესებს და თუ უპრობლემოდ ჩამოჰყავთ 300-500 თანამშრომელი პირობითად, ამას ადგილობრივმა საბროკერო კომპანიებმა როგორ შეიძლება რამე დაუპირისპირონ, ეს შეუძლებელია. ხშირად გვიწევს, ხოლმე ამაზე საუბარი ბოლო პერიოდში, რომ ერთგვარი გულის მოფხანაა ის, რომ მე რუსულ კომპანიებს არ მოვემსახურები. შენ არ მოემსახურები, მაგრამ სხვა 100 საბროკერო კომპანია და ინდივიდუალური პირი მოემსახურება. ეს სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს, რა ტიპის კომპანიები უნდა შემოვიდნენ საქართველოში და რა ტიპის კომპანიები არა“, - ამბობს კომპანია RENTALS-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი.