მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის ბაზარი პრაქტიკულად დაიხურა“ - ქართულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა

64006a9da3223
ელენე გოგბერაშვილი
03.03.23 09:59
1439
საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა დახურულ რეჟიმშია, ნაწილმა სიმძლავრეები შეამცირა და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა. მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასის რეკორდული ვარდნაა. შედეგად გასულ წელს ექსპორტზე 460 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 17 მლნ დოლარით ნაკლებია.

„დარგში ნეგატიური მდგომარეობა ნარჩუნდება. მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვი ის, რა შედეგებამდეც მივიდეთ. მძიმე დროება უდგას ამჟამად დარგს და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს. დიდი პროექტები არ კეთდება და იძულებული არიან ამ ბიზნესით დაკავებული სუბიექტები ან სიმძლავრეები შეამცირონ ან დახურონ საწარმოები. საშუალო ზომის საწარმოების უმეტესობა გაჩერებულია, მხოლოდ 2 მუშაობს, მცირე საწარმოები პრაქტიკულად ყველა გაჩერდა“,-აცხადებს BM.GE-სთან ფეროშენადნობების ასოციაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი.

საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე დაბალ მოთხოვნას და ფასების ვარდანს დაემატა ისიც, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა.

ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი დაწესების გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო, სადაც ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ამით კავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ ზიანს იღებენ.ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით დადგინდა და საბაჟო ღირებულების 21,4 % - 24,2 %-ით განისაზღვრა.

მიუხედავად ამისა, რუსეთი საქართველოსთვის მაინც მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება. იანვრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციაში 45 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც იანვრის თვეში 4 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი გავყიდეთ.

დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ იანვრის სტატისტიკა ბაჟის დაწესებამდე განხორციელებულმა ექსპორტმა განაპირობა. ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, რომ ქართველი ექსპორტიორებისთვის რუსეთის და ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოების ბაზრები ფაქტობრივად სრულად ჩაიკეტა.

„იანვრის სტატისტიკაში წამყვანი იყო რუსეთში ექსპორტი, მაგრამ მხოლოდ 23 იანვრამდე შეეძლო ქართველ მწარმოებლებს რუსეთში თავისი ნაწარმის შეტანა ბაჟის გარეშე. ფაქტიურად იმ პროდუქციამ, რამაც შეასწრო, ამან გამოიწვია სტატისტიკურად ექსპორტში რუსეთის წილის ზრდა. შემდეგ თვეებში ეს სტატისტიკა კარდინალურად შეიცვლება, 0-ის დონეზე ჩამოვა. რუსეთი ბაზარი პრაქტიკულად დახურულია, რაც ბუნებრივია იმოქმედებს ბაზარზე. ფეროშენადნობების ექსპორტის 40% რუსეთზე მოდიოდა, მისი ამოვარდნა მძიმედ აისახება მწარმოებლებზე“,-აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.

რაც შეეხება რიგით მეორე საექსპორტო ბაზარს, როგორც კევლიშვილი განმარტავს, თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ ექსპორტის განხორციელება ამ მიმართულებითაც შეაფერხა. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მცირე საწარმოების 90% ექსპორტს სწორედ თურქეთში ახორციელებენ. ნუგზარ კევლიშვილს იმედი აქვს, რომ მიწისძვრით დაზიანებული ქალაქების აღდგენის პროცესში ქართულ სილიკონ-მანგანუმზე თურქეთის ბაზარზე მოთხოვნა იქნება.

ასოციაციის ინფორმაციით, იანვარში საერთაშორისო ბაზარზე სილიკონ-მანგანუმის ფასი 1250 დოლარს შეადგენდა, რაც თებერვალში დაახლოებით 15 დოლარით შემცირდა.

"ამ ეტაპზე წაუგებლად მუშაობა შეუძლებელია. სხვაობა ომამდე არსებულ ფასსა და დღეს არსებულს შორის 1 000 დოლარია“,-აცხადებს ფეროშენადნობების ასოციაციის ხელმძღვანელი.