მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ბაზარი, შესაძლოა, Google-მა და YouTube-მაც დატოვონ

623adec9ef27e
გიორგი თოლორდავა
23.03.22 13:00
1126
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე თითქმის ყოველდღიურად იზრდება იმ საერთაშორისო კომპანიებისა და ბრენდების ჩამონათვალი, რომლებიც ტოვებენ რუსეთის ბაზარს ან მნიშვნელოვნად ზღუდავენ ოპერაციებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა კომპანიას ნებაყოფლობით არ დაუტოვებია რუსეთი, ზოგიერთი მათგანი თავად მთავრობამ გააძევა, მათ შორისა ამერიკული კომპანია Meta, რომელსაც პოპულარული სოციალური ქსელები Facebook და Instagram ეკუთვნის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კრემლის მორიგი სამიზნე, შესაძლოა, კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი გახდეს, კერძოდ, Alphabet, რომელიც მსოფლიოს უდიდეს საძიებო სისტემას Google-ს, ვიდეო-პლატფორმა YouTube-ს და ათობით ციფრულ სერვისს (Gmail, Maps, Drive, Docs) ფლობს.

რუსულ მარეგულირებელ ორგანოსა და Alphabet-ს შორის ურთიერთობები დიდი ხანია დაძაბულია - „როსკომნადზორმა“ კომპანიას არაერთხელ მოსთხოვა Google-დან და YouTube-დან რუსეთის მთავრობისთვის მიუღებელი ინფორმაციის წაშლა და პოლიტიკური შინაარსის განცხადებების დაბლოკვა. მოთხოვნების დიდი ნაწილი კომპანიას არ შეუსრულებია, უფრო მეტიც - YouTube-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და პროპაგანდისტული ტელევიზიების არხები დაბლოკა, მათი ვიდეოები კი წაშალა.

Alphabet-ს რუსეთში ოფისები ჯერაც არ დაუხურავს და მისი სერვისები ისევ განაგრძობენ ქვეყანაში მუშაობას, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვალოს და მთავრობამ Google-იცა და YouTube-იც „ექსტრემისტული ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანოს.

აღნიშნული საფრთხის პარალელურად, კომპანიას თანამშრომლების ნაწილი ქვეყნიდან უკვე გაჰყავს და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, Alphabet-მა თავადვე მიიღოს რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება.