მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების დეფიციტია, ღვინის ექსპორტს ეს ზრდის - მეხუზლა

6389e5550f35d
მარიამ ვარადაშვილი
02.12.22 19:50
905
2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული.

განსაკუთრებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი რუსეთში. სტატისტიკის მიხედვით, 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში. გასულ წელს საქართველომ რეკორდული ღირებულების ღვინო გაიტანა ექსპორტზე და რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 57%-მდე შეამცირა. გასულ წლებში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 60%-ის ფარგლებში იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა რუსეთის წილის ზრდას ომის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირებს და ამბობს, რომ სანქციებმა რუსულ ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების დეფიციტი გამოიწვია. დეფიციტს კი მისი თქმით, რუსეთი საქართველოში წარმოებული ღვინით ავსებს.

“2021 წელს მივაღწიეთ იმას, რომ პირველად ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 60%-იან ნიშნულს ჩამოცდა. ომის პირველი გავლენა ექსპორტის შემცირებაში გამოიხატა. შეგიძლია ნახოთ მარტ-აპრილის მონაცემები, მაშინ რუსეთის წილიც შემცირებული იყო. ამის შემდეგ ენბარგოსა და სხვა ფაქტორების გამო რუსეთის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების დეფიციტი შეიქმნა. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 35-40%-ით ნაკლები ალკოჰოლური პროდუქცია შედის რუსეთის ბაზარზე.

ბუნებრივია ბაზარი ცდილობს ეს დეფიციტი შეავსოს. სწორედ ეს განაპირობებს ასე გაზრდილ მოთხოვნას ალკოჰოლურ სასმელებზე. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი პერსპექტივა არ არის და ომით გამოწვეულ შედეგებზე ბაზრის მყისიერი რეაქციაა. საბოლოოდ დავუბრუნდებით ძველ ტენდენციას, რაც ექსპოტში რუსეთის წილის კრებას გულისხმობს. 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 40%-ზე ნაკლები იყოს. რაც შეეხება ფასს, ჯერჯერობით არ გაზრდილა, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ თუ ბაზარზე ეს ვითარება შენარჩუნდა მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, ღვინის ფასი გაიზრდება. ახლა კონტრაქტით მიმდინარეობს მიწოდება და როგორც წესი კონკტრაქტის გადახედვისგან თავს იკავებენ ხოლმე. კომპანიებთან დაახლოებით ექვსწლიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, მაგრამ ვიმეორებ არსებული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში მომავალი წლიდან დაფიქრდებიან ფასის ზრდაზეც”,-ამბობს მეხუზლა.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ქართული ღვინო ყველაზე ძვირი იაპონიაში, აშშ-სა და გერმანიაში ღირს. 2021 წელს საექსპორტო ბაზრებზე ღვინის ფასი წლიურად გაიზარდა. შედეგად, ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასმა უკრაინაში 2.62 დოლარი შეადგენდა, რუსეთში ღვინის საშუალო ფასი 2.76 დოლარი იყო. ყველაზე ძვირად საქართველოში წარმოებული ღვინო იაპონიაში იყიდება და ლიტრის საშუალო ფასი 7 დოლარს აღწევს. რაც შეეხება ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს აქ ლიტრის საშუალო ფასი 2.78-დან 3.28 დოლარს შორის მერყეობს. ჩინეთში ლიტრის საშუალო ფასი 3.73 დოლარს შეადგენს, ხოლო აშშ-ში - 6.38 დოლარს.