10.აგვისტო .2022 12:27

რუსეთის ბიუჯეტი $23-მილიარდიანი პროფიციტით შესრულდა | შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობი და გაზია

რუსეთის ბიუჯეტი $23-მილიარდიანი პროფიციტით შესრულდა | შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობი და გაზია
views 2695
უკან

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი ($22.8 მლრდ) პროფიციტით შესრულდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტის შემოსავალმა 14.016 ტრილიონი რუბლი ($232.5 მლრდ) შეადგინა, რაც წლიური გეგმის 56%-ია. წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის ხარჯმა 12.642 ტრილიონი რუბლი ($209.7 მლრდ) შეადგინა, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდი ₽1.373-ტრილიონიანი პროფიციტით დასრულდა.

წლის პირველ ნახევარში ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.

საგულისხმოა, რომ ნავთობი და გაზი რუსეთის ფედერაციის უმთავრესი შემოსავლის წყაროა. მიმდინარე წელს საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობისა და გაზის მკვეთრი გაძვირების ფონზე, ენერგორესურსების ექსპორტის საშუალებით რუსეთის მიერ მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გთავაზობთ ენერგორესურსებით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებს თვეების მიხედვით:

იანვარი - 795 მლრდ რუბლი ($12.2 მლრდ)
თებერვალი - 972 მლრდ რუბლი ($16.1 მლრდ)
მარტი - 1,208 მლრდ რუბლი ($20 მლრდ)
აპრილი - 1,798 მლრდ რუბლი ($30 მლრდ)
მაისი - 886 მლრდ რუბლი ($14.7 მლრდ)
ივნისი - 718 მლრდ რუბლი ($11.9 მლრდ)
ივლისი - 770 მლრდ რუბლი ($12.8 მლრდ)

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება შეწყვიტა, მათ შორისაა, შემოსავლებისა და ხარჯების ზუსტი განაწილება, სამომავლო პროექტები და დაწვრილებითი ანგარიშები. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მონაცემების შეზღუდვით მთავრობა დასავლეთის სანქციების თავიდან არიდებას და ქვეყნის ეკონომიკის დაცვას ცდილობს.