მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ომამდელ, 9.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა

62a329b6a4d76
გიორგი თოლორდავა
10.06.22 15:46
1364
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 11%-დან 9.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთში სწორედ 9.5%-იანი საპროცენტო განაკვეთი მოქმედებდა, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მონეტარულმა კომიტეტმა განაკვეთი 9.5%-დან პირდაპირ 20%-იან ნიშნულამდე გაზარდა. რუბლის გამყარების ფონზე, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შემსუბუქების სტრატეგიაზე გადაერთო.

ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთის ეკონომიკა „გამოწვევების“ წინაშეა, თუმცა ინფლაციის ტემპი შენელებულია, ეროვნული ვალუტა - გამყარებული, რაც, საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საშუალებას იძლევა.

სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ თვეს რუსეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 17.1% შეადგინა, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის ინფლაციის მაჩვენებელზე.

მთავრობის წარმომადგენლების ვარაუდით, 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთში ინფლაციის დონე 14.0 – 17.0 პროცენტის ფარგლებში იქნება; 2023 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 5.0 – 7.0%-მდე შემცირდება.

საგულისხმოა, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 140 რუბლს მიაღწია, თუმცა მალევე რუსული ვალუტა გამყარების ტენდენციაზე გადაერთო და ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 57 რუბლამდეა შემცირებული.