მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ეკონომიკა: მოლოდინები

6254505d1bf32
ეგნატე შამუგია
11.04.22 22:21
7436
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და გრძელ პერიმეტრზე ფრონტის ხაზი გახსნა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის და ცალკეული ქვეყნების მიერ სანქციების რიგი წყება დაწესდა, რომლის მიზანი ამ უკანასკნელისთვის ეკონომიკური ფასის დაკისრებაა. აგრესიის შეკავებისთვის დასავლეთის ქვეყნების ძირითადი ნაბიჯები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას და ეკონომიკურ სანქციებს უკავშირდება. მიღებული ზომები რუსეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვასა და ადგილობრივი გიგანტების მესაკუთრეთა ინდივიდუალური სანქცირებას ითვალისწინებს.
 
ფიგურა 1: რუსეთის რეალური ეკონომიკა (მუდმივ ფასებში, ტრილიონი რუბლი)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ევროპის ბანკი რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის

სანქციების ძირითადი ნაწილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ დაწესდა. ასევე, აღსანიშნავია იაპონიის, კანადის, შვეიცარიის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები. რიგი ქვეყნების გამოკლებით, დანარჩენი მსოფლიო აღნიშნულ სანქციებს შეუერთდა, რათა რუსეთის მიერ გვერდის ავლა არ მოხდეს. დაწესებული სანქციები კი - ფინანსური, ინდივიდუალური, სავაჭრო და მიმოსვლის შეზღუდვის კატეგორიებს მოიცავს. მათ შორის, ძირითადი საფინანსო სექტორზეა. გარდა ამისა, აღსანიშნავია პერსონალური შეზღუდვები, რომელიც რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს და მათთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდა. მათ შემთხვევაში, სანქციების მკაცრი ნაწილი მფლობელობაში არსებული აქტივების გაყინვაა.

ფიგურა 2: რუსეთის ეკონომიკის ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: მსოფლიო ბანკი

ამ პირობებში, ერთ-ერთი უახლესი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ევროპულ ბანკს რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ განუსაზღვრელობა უმაღლეს ნიშნულებს იკავებს, ბანკი საკუთარ პროგნოზების აქვეყნებს. კერძოდ, მიმდინარე წლისთვის უკრაინის ეკონომიკის 20.0%-იან შემცირებას მოელის, ხოლო რუსეთის შემთხვევაში რეალური ეკონომიკის კლება 10.0%-ითაა ნავარაუდევი. თუმცა, აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ეფუძნება: რამდენიმე თვეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება; ცეცხლის შეწყვეტისთანავე, მიმდინარე წლიდან დაიწყება უკრაინის სწრაფი რეკონსტრუქცია და უახლოეს მომავალში რუსეთი დარჩება სანქციების ქვეშ. 2022 წლისთვის ასეთივე პროგნოზი აქვს მულტინაციონალურ საინვესტიციო და ფინანსურ ინსტიტუტს Goldman Sachs -ს. შედარებით უფრო მეტ ვარდნას ელოდებიან სხვა ინსტიტუტები. მაგალითად, Capital Economics პროგნოზით რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 12.0%-ით შემცირდება, ხოლო ამავე პერიოდში საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის ვარაუდი 15.0%-იანი კლებაა. მომდევნო წლისთვის კი პროგნოზი 3.0%-ით შემცირებაა.

ყველა უფრო ახლო პროგნოზი მსოფლიო ბანკისაა, რომლის მიხედვით მიმდინარე წლისთვის რუსეთის ეკონომიკის 11.2%-იანი კლებაა ნავარაუდევი. უშუალოდ დანახარჯების მიხედვით მკვეთრი კლება საგარეო ვაჭრობის კომპონენტშია. კერძოდ, ექსპორტის ნაწილში რეალური კლება 30.9%-ითაა პროგნოზირებული, ხოლო იმპორტი კი - 35.2%-ით. რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი კომპონენტს - კერძო მოხმარებას, აღნიშნულის 8.5%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო სამთავრობო დანახარჯების, პირიქით, 3.6%-იანი ზრდა. მომდევნო წელსაც სამთავრობო ხარჯები ზრდითაა ნავარაუდევი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1.3%-ია.

ზემოთ აღნიშნული უახლოესი პროგნოზები მიუთითებს, რომ მიმდინარე წლისთვის რუსეთის ეკონომიკის შემცირების მასშტაბი არც თუ ისე დიდია, როგორც თავდაპირველად იყო წარმოდგენილი. მაგალითად, გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს რუსეთის ეკონომიკა 7.8%-ით შემცირდა. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების შენარჩუნების შემთხვევაში, მას გრძელვადიან პერიოდში უფრო მკვეთრი ეფექტი ექნება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოვადიან პერიოდში, დაწესებული სანქციების ეკონომიკური შედეგები რიგ შემთხვევაში გადაჭარბებით შეფასდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი თავად სანქციების კატეგორია და მათი შერჩევითობაა.

ფიგურა 3: რუსეთის საგარეო ვალის შეფარდება მშპ-სთან, 2020 წელი (%)
წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც ვახსენეთ, რუსეთზე დაწესებული სანქციები ძირითადად საფინანსო სისტემას და უცხოეთიდან ფინანსური ნაკადებს უკავშირდება. ამ კუთხით, რუსეთის მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით შეცვლილია. რუსეთის ეკონომიკაში მოხმარების დაფინანსების წყარო უცხოური კაპიტალი ნაკლებადაა. ეკონომიკის წამყვანი დარგი ნავთობის და გაზის ინდუსტრია და შესაბამისად, აღნიშნულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებია. მართალია რიგი ქვეყნების მიერ რუსულ ენერგო რესურსებზე ემბარგო დაწესდა, მაგრამ მათი წილი რუსეთის ექსპორტში უმნიშვნელოა.

შეიძლება ითქვას, რომ დაწესებული სანქციების პირობებში, რუსეთს ხელს უწყობს ბოლო წლების ტენდენცია, რაც საგარეო ფინანსური ნაკადების მკვეთრ შემცირებას გულისხმობს. კერძოდ, 2015-16 წლიდან რუსეთის საგარეო ფინანსური ნაკადები მცირდებოდა. ეს კი რუსეთის მთლიანი საგარეო ვალის მკვეთრ შემცირებაში აისახა. 2020 წლის მონაცემებით რუსეთის მთლიანი ვალი ეკონომიკის 32.7%-ია, რაც ფართო რეგიონიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავდროულად, ამ პერიოდიდან საერთაშორისო რეზერვების მოცულობაც იზრდებოდა, მაგრამ ეს ზრდა ოქროს მარაგების და ჩინეთში, იუანის უკავშირდებოდა. მეორე მხრივ, უცხოური კაპიტალის შემცირებულ ნაკადებს ნავთობისა და გაზის ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლებისგან მიღებული ფინანსური რესურსები ანაცვლებდა. ამ ნაწილში კი რუსეთთან ძირითადი სავაჭრო ურთიერთობები ჯერჯერობით ნარჩუნდება. შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკისთვის მკვეთრად დრამატული და საზიანო ეფექტი სწორედ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე დაწესებულ შეზღუდვებს ექნება.