მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის გვერდის ავლის მიზნით, ყაზახეთი ნავთობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაყიდის - Reuters

62f638e8cf8dd
გიორგი თოლორდავა
12.08.22 15:37
2297
რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლისა და მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მიზნით, ყაზახეთის მთავრობა რუსული მილსადენის (CPC) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ჩანაცვლებას გეგმავს.

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებითაა განპირობებული, რომელიც ყაზახეთს CPC მილსადენის შეჩერებით დაემუქრა.

საგულისხმოა, რომ რუსულ მილსადენს ყაზახეთი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყენებდა, თუმცა უკრაინასთან მიმდინარე ომმა და გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ ყაზახეთის მთავრობას ეკონომიკურად შედარებით ხარჯიანი, თუმცა უსაფრთხო ალტერნატივის არჩევისაკენ უბიძგა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახურ სახელმწიფო კომპანია Kazmunaigaz-სა და აზერბაიჯანულ SOCAR-ს შორის, რათა ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით ყოველწლიურად 1.5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გატარების საშუალება მიეცეს.

სავარაუდოდ, კონტრაქტს ხელი აგვისტოს ბოლოს მოეწერება, ნავთობის მიწოდება კი სექტემბრიდან დაიწყება.

გასათვალისწინებელია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი რუსულთან შედარებით გაცილებით არახელსაყრელია, რადგან გამტარობა დაბალია, ხოლო კასპიის ზღვის გადასალახად ყაზახეთს ტანკერების გამოყენება მოუწევს, რაც CPC-ის შემთხვევაში არ იყო საჭირო.