მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა

632095b96d5fb
გიორგი თოლორდავა
13.09.22 18:53
3770
საერთაშორისო სანქციების ამოქმედებისა და ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასების შემცირების ფონზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეალიზაციით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა.

აგვისტოში ენერგორესურსებიდან მიღებულმა შემოსავალმა 672 მილიარდი რუბლი ($11.1 მლრდ) შეადგინა, რაც 2021 წლის ივნისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი შემცირება პირდაპირ კავშირშია დასავლური სახელმწიფოების მიერ რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირებასთან. გარდა ამისა, ევროკომისია ამჟამად აქტიურად განიხილავს რუსულ ენერგორესურსებზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივასაც, აღნიშნული სანქციის ამოქმედების შემთხვევაში, სავარაუდოდ, კრემლის შემოსავლები კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

ხაზგასასმელია, რომ ნავთობი და გაზის რუსეთის ფედერაციის შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს, წლის პირველ ნახევარში ენერგორესურსებზე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საერთო მოცულობის 45.5% მოდიოდა.

გთავაზობთ ენერგორესურსებით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებს თვეების მიხედვით:

იანვარი - 795 მლრდ რუბლი ($12.2 მლრდ)
თებერვალი - 972 მლრდ რუბლი ($16.1 მლრდ)
მარტი - 1,208 მლრდ რუბლი ($20 მლრდ)
აპრილი - 1,798 მლრდ რუბლი ($30 მლრდ)
მაისი - 886 მლრდ რუბლი ($14.7 მლრდ)
ივნისი - 718 მლრდ რუბლი ($11.9 მლრდ)
ივლისი - 770 მლრდ რუბლი ($12.8 მლრდ)
აგვისტო - 672 მლრდ რუბლი ($11.1 მლრდ)

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი ($22.8 მლრდ) პროფიციტით შესრულდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტის შემოსავალმა 14.016 ტრილიონი რუბლი ($232.5 მლრდ) შეადგინა, რაც წლიური გეგმის 56%-ია. წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის ხარჯმა 12.642 ტრილიონი რუბლი ($209.7 მლრდ) შეადგინა, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდი ₽1.373-ტრილიონიანი პროფიციტით დასრულდა.

წლის პირველ ნახევარში ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება შეწყვიტა, მათ შორისაა, შემოსავლებისა და ხარჯების ზუსტი განაწილება, სამომავლო პროექტები და დაწვრილებითი ანგარიშები. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მონაცემების შეზღუდვით მთავრობა დასავლეთის სანქციების თავიდან არიდებას და ქვეყნის ეკონომიკის დაცვას ცდილობს.