მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის ქმედებებმა გააძლიერა EU-ს მიდგომა, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება აღმოფხვრას"

6360ed064c3f1
BM.GE
01.11.22 22:25
552
რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ინტენსიურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა და ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი მატებამ, ანტირუსულმა სანქციებმა და ტრადიციული ლოგისტიკური კავშირების მოშლამ გააძლიერა ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა თურქმენული გაზის მიმართ და მისი მისწრაფება, აღმოფხვრას რუსულ გაზზე დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა, საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი - 2022“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რიგით 27-ე საერთაშორისო კონფერენციისა და გამოფენის მიზანს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი მდგრადი განვითარების შესახებ რეგიონული დიალოგის გაძლიერება წარმოადგენდა. აგრეთვე, გლობალური ენერგეტიკული სისტემის უახლესი ტენდენციებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების განხილვა.

კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთი საკითხებს, როგორიცაა: ენერგეტიკის მომავალი და გამოწვევები; საინვესტიციო შესაძლებლობები ნავთობისა და გაზის სექტორში; ახალი ეპოქის ენერგია- შიდა და რეგიონული განვითარების პერსპექტივები; ნახშირწყალბადების განვითარების ეკოლოგიური ასპექტები და ა.შ.

პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ გიორგი ჩიქოვანმა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ენერგეტიკის სექტორში შექმნილ რეალობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და მრავალვექტორიანი მილსადენების სისტემის შექმნის მნიშვნელობას. აგრეთვე, ევროკავშირს, ცენტრალურ აზიას, კავკასიის ქვეყნებს, დარგის წარმომადგენლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის გაფართოების აუცილებლობას თურქმენეთსა და სამხრეთის გაზის დერეფანს შორის ენერგეტიკული ხიდის შესაქმნელად სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ვალდებულებების გაძლიერების მიზნით.

მან განაცხადა, რომ თურქმენეთის მიზანი - მოახდინოს გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია, თანხვედრაშია საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების სურვილებსა და საჭიროებებთან.

„სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, უდიდეს სტიმულს იძლევიან მიწოდების სისტემაში თურქმენული ბუნებრივი გაზის შემოღების საკითხის განსახილველად. საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა და სამხრეთ კავკასიის კორიდორი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სირთულეები გადალახვადია, თუკი არსებობს სათანადო სურვილი, მზაობა და ჩართულობა სახელმწიფოების, საბანკო და კერძო სექტორებისა და დონორების მხრიდან.

ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან განსხვავებულ და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ვიდრე ეს იყო გასული წლის ბოლოს. რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ინტენსიურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა და ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი მატებამ, ანტირუსულმა სანქციებმა და ტრადიციული ლოგისტიკური კავშირების მოშლამ გააძლიერა ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა თურქმენული გაზის მიმართ და მისი მისწრაფება, აღმოფხვრას რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკავშირის ინტერესები, ისევე როგორც საქართველოსი, უსაფრთხოებისა და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიმართ, ემთხვევა თურქმენეთის მცდელობებს გაზის ექსპორტის მარშრუტების მეტი დივერსიფიკაციის შესახებ”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის გააგრძელოს აქტიური დიალოგი თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთ გაზის დერეფნის სხვა წევრებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნების მისაღწევად.