06.ოქტომბერი .2022 12:49

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გახსნა საქართველოში საბანკო ანგარიში? - სტატისტიკა

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გახსნა საქართველოში საბანკო ანგარიში? - სტატისტიკა
views 1161
უკან

45,349 - ეს არის რუსეთის მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ქართულ ბანკებს ანგარიშები გახსნეს. შესაბამის სტატისტიკას IDFI აქვეყნებს. 

ქართულ ბანკებს რუსი მომხმარებლების ყველაზე დიდი რიგები აპრილის განმავლობაში ედგათ, როდესაც ანგარიში 10 ათასზე მეტმა რუსმა გახსნა. ივლისში კი საბანკო ანგარიში დამატებით რუსეთის 7 ათასმა მოქალაქემ გახსნა.

თვეების მიხედვით, საბანკო ანგარიშების გახსნის სტატისტიკა ასეთი იყო:

• 24 თებერვლიდან - 24 მარტამდე - რუსეთის 7,875 მოქალაქე;
• 24 მარტიდან - აპრილის ჩათვლით - რუსეთის 10,078 მოქალაქე;
• მაისში - რუსეთის 6,647 მოქალაქე;
• ივნისში - - რუსეთის 7,374 მოქალაქე;
• ივლისში - რუსეთის 6,985 მოქალაქე;
• აგვისტოში - 6,390 მოქალაქე. 

"2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს.

საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან (2022 წლის 24 თებერვლამდე) შედარებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით (+ 170%) გაიზარდა,"- ნათქვამია ანგარიშში. 

მთლიანობაში ქართულ ბანკებში დეპოზიტებს 60,000 რუსი ფლობს. 



"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი კვარტალური მონაცემების მიხედვით რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში სართველოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 45 მილიონი ლარის ან 16 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი რუბლი), ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,"- ნათქვამია IDFI-ის მიმოხილვაში.