მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიმართა შსს-ს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად

6287720e3d022
მარიამ ვარადაშვილი
21.05.22 00:00
1312
2022 წლის 24 თებერვლიდან 5 მაისის პერიოდში, ჰუმანიტარული სტატუსი უკრაინის 105 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის 115 მოქალაქის საქმის განხილვა მიმდინარეობს. იანვრიდან-აპრილის ჩათვლით, საერთაშორისო დაცვა, ჯამში, უკრაინის 229 მოქალაქემ მოითხოვა. 

შსს-ს მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი ინფორმაციით, ამავე პერიოდში საერთაშორისო დაცვა მოითხოვა რუსეთის 31-მა მოქალაქემ, რომელთაგან სტატუსი არავის მინიჭებია და მიმდინარეობს 28 პირის საქმის განხილვა. ასევე, საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ბელარუსის ერთმა მოქალაქემ, რომელზეც ასევე საქმის განხილვა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ "საერთაშორისო დაცვის შესახებ" კანონის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო დაცვის სამი ფორმა არსებობს: ლტოლვილის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. თითოეული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს კანონი ადგენს.

უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ან არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, შესაძლოა, მიენიჭოთ ჰუმანიტარული სტატუსი, ხოლო ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

რაც შეეხება დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს, სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი პირს 1 წლის ვადით ენიჭება.

შსს-ს ცნობითვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ჯამში 364 ადამიანი დარეგისტრირდა. მათგან ყველაზე მეტი - 126 უკრაინის მოქალაქეა. თავშესაფრის მაძიებელ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი კი 21 შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ბელარუსის არცერთ მოქალაქეს თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი არ გაუკეთებია. თავშესაფრის მოთხოვნა არის პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით გამოხატული სურვილი საქართველოში სამართლებრივი დაცვისა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ლტოლვილის სტატუსი ჯამში 9 ადამიანს მიენიჭა, მათგან არცერთი არ არის უკრაინის ან/და რუსეთის მოქალაქე.