მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სანქციების აღსრულებისთვის შეიქმნას კომისია უკრაინის, EU-ს და აშშ-ის ჩართულობით - რევაზ ვაშაკიძე

623452bb10933
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.22 13:42
1029
ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების აღსრულების კოორდინაციისთვის სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. საუბარია რუსეთისთვის საქართველოს მიერ არა ახალი სანქციების დაწესებაზე, არამედ იმ საერთაშორისო სანქციების ხარისხიანად აღსრულების უზრუნველყოფაზე, რომელთა მონაწილეც ამჟამად საქართველოცაა. ეს ეხება საერთაშორისო ფინანსურ და სავაჭრო სანქციებს, რომელიც რუსეთს, კონკრეტულ რუსულ ბიზნესებს და რუს ოლიგარქებს უკრაინაში ომის დაწყებისთვის დაუწესდათ.

რევაზ ვაშაკიძე საუბრობს მომეტებულ რისკებზე, რომელიც რუსეთის და რუსული ბიზნესების მხრიდან საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებამ წარმოშვა. საუბარია როგორც პირდაპირ ფინანსურ და სავაჭრო ურთიერთობაზე, ასევე სატრანზიტო ტვირთებზე, რომლებიც რუსეთის მიმართულებით კვეთენ საქართველოს.

“თუკი მოხდება საერთაშორისო სანქციების აღსრულების დარღვევა და ამას მასიური ხასიათი ექნება, ჩვენ შეიძლება ევროკავშირიდან ან მსოფლიო ბანკიდან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებები შეგვიჩერდეს.

საქართველო არის გეოგრაფიულად ისე განლაგებული, რომ არაერთი დასახელების საქონლის, რომელიც არის სანქცირებული,  რუსეთში შეტანა შეიძლება მოხდეს. ამას ეწოდება საერთაშორისო სანქციების პროცესის დარღვევა.

დიდი შანია ეს დარღვევა მოხდეს, თანაც გაიხსნა ბევრი რუსული კომპანიაც ქვეყანაში და დარეგისტრირდა ფირმა. ყველა ბიზნესს უნდა ფულის გაკეთება, შესაბამისად, რომელიმე რუსულ კომპანიას, რომელსაც უნდა კატალიზატორი თავისი დანადგარის დასამზადებლად, სურს რომ გერმანული დეტალი გამოიყენოს, შესაბამისად, იყიდის, გერმანიიდან საქართველოში შემოიტანს და გაიტანს რუსეთში ანუ ამაში მონაწილეობას მიიღებს გარკვეული კომპანია, თუმცა კატასტროფულ შედეგს მიიღებს საქართველო.

დავუშვათ ორგანიზაციაა საქართვეოლოში, არის შეკვეთა 3 მილიონის და მილიონი კიდევ დარჩება ზემოდან ამ ორგანიზაციას, რატომ არ წავა ამაზე?

მეორე მხარეს გეტყვით, მაგალითად, სასომხეთმა შეიძინა გარკვეული პროდუქცია, ჩვენ ხომ არ ვაკონტრროლებთ სომხეთს რა შეიძინეს, დავუშვათ ჩადეს მანქანაში და გაიტანეს ლარსის გავლით რუსეთისკენ, ეს ხომ სანქციების დარღვევაა?

ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ შეიძლება გავხდეთ შავი ხვრელი. მე ვსაუბრობ რისკებზე - ეს არის ტრანზიტი და უშუალოდ აქ დაფუძნებული კომპანიების რისკები.

ჩვენ შარში რომ არ გავეხვიოთ და ალბათ 95%-ით გავეხვევით, თუ ჩვენ ამერიკელებთან ერთად, ევროკავშირთან და უკრაინასთან ერთად არ შევქმენით რაღაც კომისია, რომელიც გააკონტოლებს ამ პროცესს ანუ საბაჟოზე ტვირთებს, პროდუქციის შესყიდვას და სხვა საქმიანობას.

მე გეტყვით, რომ ეს სანქციები, რომელშიც რუსეთი ჩავარდა, მინიმუმ 5-6 წელი გაგრძელდება და თუ ბატონი პუტინი დიდხანს იცოცხლებს, უფრო მეტხანსაც გაგრძელდება.

თუ აღმოჩნდა, რომ რაღაც პროდუქცია შევიდა საქართველოდან ან საქართველოს გავლით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო სანქციები დავარღვიეთ,” - “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ.

რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციები უნდა იყოს დეტალური ტვირთბრუნვის მონიტორინგი და რისკების განეიტრალება, რისთვისაც ის მუდმივ კონტაქტზე უნდა იყოს ამერიკულ და ევროპულ სტრუქტურებთან.

ამასთან, რეზო ვაშაკიძე ამბობს, რომ მართალია, საქართველოს შემოსავლების სამსახური და საბაჟო ეფექტიანად მუშაობენ, თუმცა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ქიმიური ან ტექნიკური ტვირთები მათი კომპეტენცია გაუმჯობესებას საჭიროებს.

რევაზ ვაშაკიძე "საქმიანი დილის" ეთერში: