27.ივნისი .2022 19:40

რუსეთის შემთხვევაში საქმე გვაქვს სიმბოლურ და ტექნიკურ დეფოლტთან - გიორგი პაპავა

რუსეთის შემთხვევაში საქმე გვაქვს სიმბოლურ და ტექნიკურ დეფოლტთან - გიორგი პაპავა
views 1467
უკან

დღეს რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ამის მიზეზია ფაქტი, რომ რუსეთმა ვერ შეძლო გადაეხადა სახელმწიფო ობლიგაციის პროცენტი, რაც 100 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, რუსეთი 1918 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდა დეფოლტში.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას განცხადებით, ეს დეფოლტი უფრო მეტად ტექნიკური და სიმბოლური ფაქტია, რადგანაც რუსეთისთვის საგარეო ვალი შემოსავლის მცირე წყარო იყო. მთავარი ფაქტორი, რასაც ამჟამად რუსეთის ეკონომიკაზე აქვს გავლენა არის ენერგომატარებლების ექსპორტი, რაც დღეში თითქმის მილიარდ დოლარს აღწევს.

“სხვადასხვა შეფასებით, რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტით დღეში ერთ მილიარდამდე შემოსავალს იღებს. შესაბამისად, როდესაც ერთი დღის შემოსავლის მეათედით არის შესაძლებელი გადახდა და ვერ იხდის, ეს ნიშნავს, რომ საუბარია ტექნიკურ და სიმბოლურ ფაქტზე და ის უკავშირდება იმას, რომ ერთის მხრივ რუსეთის ცენტრალურ ბანკს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა უცხოურ ვალუტაში მოემსახუროს თავის დავალიანებას და იჩემებს, რომ რუბლში უნდა გადაიხადოს, რაც არის თავისი ვალდებულებები.

ზოგადად არასწორია მოლოდინი, რომ ვალი არის ის არხი, რომლიდანაც რუსეთის ეკონომიკა დიდ დარტყმას მიიღებს. ომამდელ პერიოდს რომ შეხვედოთ, მშპ-სთან ვალის რაოდენობა 15%-20%-ის ფარგლებში იყო, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია,”- განაცხადა გიორგი პაპავამ

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას "ფარსი" უწოდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ. რუსეთის სახელმწიფო ვალიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარში ევროშია დენომინირებული, ნახევარი კი - ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.

100 მილიონი დოლარის პროცენტი 27 მაისამდე უნდა გადახდილიყო, რის შემდეგაც ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი დაიწყო, რომელიც დღეს ამოიწურა.

ოკუპანტი დეფოლტის გარდაუვალ გზაზე მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მას სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდებს ახორციელებდნენ, შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა