მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის შსს-მ საქართველოს საზღვართან სამობილიზაციო პუნქტის მოწყობა გადაწყვიტა

6332b7b08c06e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 12:55
3690
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე წვევამდელთა სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილო ოსეთის შს მინისტრის, სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელის, რესპუბლიკის უსაფრთხოების ფედერალურის სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს და ჩრდილო ოსეთის საბაჟოს ხელმძღვანელობის გასვლით სხდომაზე მიიღეს.

გარდა ამისა, „ზემო ლარსზე“ საზღვრის გადაკვეთას რუსეთიდან ფეხითაც შეძლებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან არსებული მდგომარეობა კი დაძაბულია, „რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ზომების მიღებას საჭიროებს“.

„ამ მიზნით, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და კონფლიქტური მდგომარეობების შექმნის რისკების შემცირების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება მოქალაქეებმა საზღვარი ფეხით გადაკვეთონ, ამავე დროს იგეგმება შემდგომი ზომების განხორციელება საგზაო მოძრაობის მართლწესრიგისა და უსაფრთხოების მხრივ. გარდა ამისა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უახლოეს მომავალში სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა“, - განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

RBC-ს ცნობით, 26 სექტემბერს „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსი სამხედროები ჯავშანმანქანით განთავსდნენ. ჩრდილო ოსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განმარტებით, ჯავშანმანქანა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმ შემთხვევისთვის გაიგზავნა, თუ მოქალაქეები საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები იქნება.

ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენაილომ კი განაცხადა, რომ „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ამოქმედება და დროებითი განთავსების პუნქტების მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.

„ამჟამად ფასდება არსებული მდგომარეობა, და მივიღებ გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, ამავე დროს დროებითი განთავსების პუნქტის მოწყობას ვგეგმავთ, რამეთუ ადგილზე ძალიან ბევრი ქალი და ბავშვია“, - განაცხადა მენიაილომ.