22.სექტემბერი .2019 15:30

„რუსეთის ტურისტული ბაზარი ევროპამ ჩაანაცვლა, მაგრამ...“ - კერძო სექტორი

views 4427
უკან

„რუსეთის ბაზარი ევროპის ბაზარმა ჩაანაცვლა, მაგრამ დაახლოებით, 20%-25%-ით დაიწია სასტუმროს ნომრის ღირებულებამ“, - ამის შესახებ BM.GE-ისთან სასტუმრო “სატორის” გენერალურმა მენეჯერმა ქეთევან წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯავშნების გაუქმება 21 ივნისიდან დაიწყო და მხოლოდ ერთი სასტუმროს შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, 10 დღის ჯავშნების გაუქმების შედეგად, 73 000 ლარის ზარალი მიიღო.

“სატორის” გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ავიასანქციებმა და 20 ივნისის ღამეს განვითარებულმა მოვლენებმა ფინანსურად დააზარალა არა მხოლოდ სასტუმრო ბიზნესი, არამედ - ქვეყნის იმიჯიც.

წერეთელის თქმით, ტურისტები რამდენიმე თვით ადრე ნომრების დაჯავშნისგანაც თავს იკავებენ, რადგან არ იციან, რამდენად სტაბილური იქნება ქვეყანაში მდგომარეობა.

“შეხვედრა გვქონდა ხოლმე სახელმწიფო უწყებებთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან; იმ წუთას ძალიან მყისიერად ჩაებნენ ამ საკითხში, მაგრამ რეალურად, მე პირადად და ჩემს გარშემო 20 სასტუმროს სახელით ვამბობ, რომ ვერ ვნახეთ ვერანაირი დახმარება სახელმწიფოსგან; ისევ ყველაფერი ჩვენ რაც შევძელით, შევძელით ჩვენი კონტაქტებით... ჩაანაცვლა რუსეთი ბაზარი ევროპის ბაზარმა, მაგრამ დაახლოებით, 20%-25%-ით დაიწია სასტუმროს ნომრის ღირებულებამ. თუ ადრე სამი თვით ადრე იჯავშნებოდა ხოლმე ნომრები და ძირითადად შემდეგი სამი თვე გარანტირებულად ჯავშნები გვქონდა, ახლა ხდება ისე, რომ არის სწრაფი ჯავშნები. ადამიანები, ჯერჯერობით, აღარ ენდობიან ქვეყნის იმიჯს. შესაბამისად, გამოვიდა ის, რომ ან სასტუმრო წაგებაშია ან მუშაობს ძალიან დაბალ მარჟაზე“, - აცხადებს სასტუმრო “სატორის“ გენერალური მენეჯერი ქეთევან წერეთელი.